წლის განმავლობაში, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის აპრილამდე, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 474 649 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინეს. დაახლოებით ათასნახევარი რუსეთის მოქალაქე გახდა მიწის ნაკვეთების მფლობელი, შენობებით და შენობების გარეშე.
„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მიწის ნაკვეთებს სოფლებშიც ყიდულობენ. მიუხედავად აკრძალვისა, რუსეთის მოქალაქეზე სოფელში მიწის მიყიდვის მექანიზმი მაინც მარტივია:
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მიწას უცვლის დანიშნულებას, რისთვისაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს საჯარო რეესტრს, თუმცა ევალება ცვლილების აუცილებლობაც დაასაბუთოს. საჯარო რეესტრი განიხილავს განცხადებას და წყვეტს, მიწის ნაკვეთს დანიშნულება შეუცვალოს თუ არა.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში რეესტრი მიწას არეგისტრირებს უკვე როგორც არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს. ამის შემდეგ კი, არასასოფლო მიწის მიყიდვა უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეზეც, თავისუფლადაა შესაძლებელი.
ამასთან, შესაძლებელი გახდა იმის გარკვევა, რომ 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ივლისამდე მხოლოდ ქობულეთისა და ხელვაჩაურის ზონაში მიწის ნაკვეთების სტატუსი არასასოფლო-სამეურნეო 289-ჯერ შეიცვალა.