მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 12 ივლისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, 720 ობიექტი შეამოწმა და მათგან 72 დაჯარიმდა, 101 სამართალდარღვევის შესახებ კი სასამართლოს გადაეგზავნა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველზე აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, უწყებამ 236 ობიექტის დეტალური შემოწმება, 359 ობიექტის მიზნობრივი შემოწმება და 125 ობიექტის საკონტროლო შემოწმება განახორციელა.
„სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის 309-ე დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, შემოწმების სახეებია: დეტალური; მიზნობრივი; საკონტროლო. საკონტროლო შემოწმება წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებისა და ასკ-ს 177-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. მითითებული მუხლის საფუძველზე 2022-2023 წლებში ობიექტის მიმართ გამოყენებული სანქციების ოდენობა 500-1000 ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება გასულ წელს – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 2022 წელს უწყებამ 1690 ობიექტი შეამოწმა, მათგან 136 დაჯარიმდა, 126 სამართალდარღვევის შესახებ კი, ინფორმაცია სასამართლოს გადაეგზავნა.