„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გმობს ბოლო პერიოდში ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის შემთხვევებს – ჩნდება რისკი, რომ მედია საქმიანობა ასოცირდებოდეს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პირობებში მუშაობასთან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან, – ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაცია ასახელებს ბოლო პერიოდში მომხდარ შემთხვევებს, სადაც საქმე ეხებოდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობას.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, „ხელისუფლების მხრიდან უნდა მოხდეს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველყოფის მიზნით“.
„შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში საქართველოში მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმებისა და ძალადობის ფაქტები, რადგან ჩნდება რისკი, რომ მედია საქმიანობა ასოცირდებოდეს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პირობებში მუშაობასთან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მედიის თავისუფლების, მის მიერ ინფორმაციისა და იდეების გავრცელების უფლების შეზღუდვასთან.
პრესის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებული ნაწილია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დაცული. კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 27 ივნისს, ტელეკომპანია“ „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს სავაჭრო ცენტრის შესასვლელში დაესხნენ თავს. ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს და მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის მიერ ძალადობის განხორციელების მოტივი მშვილდაძის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები გახდა. ამჟამად ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცა. მიშა მშვილდაძის ინფორმაციით, ძალადობის დაგეგმვასა და ორგანიზებაში შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართულნი, კერძოდ, თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი იყოს.
ასეთ ფაქტებზე ხელისუფლების მაღალი თანამდებობების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული სუბიექტური განცხადებები შესაძლოა იქცეს მოძალადეების გამართლებისა და ძალადობის წახალისების ინსტრუმენტად. რეალურად, ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, ერთი მხრივ, გამოძიების ჯეროვანი წარმართვისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, ძალადობის შემცველი უკანონო ქმედებების აღკვეთისათვის.
ასევე, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან აღსანიშნავია 12 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია „ტვ პირველის“ ყოფილი წამყვანის საქმესთან დაკავშირებით. ვასილ დაბრუნდაშვილის ცნობით, მისი სახლიდან დაიკარგა საბუთები, მათ შორის, თბილისის პროკურატურის გადაწყვეტილება მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ, რომელიც მიღებული იყო 2022 წელს უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეზე. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონოდ ახორციელებდა ჟურნალისტის მოსმენას და მისი ტექსტური შეტყობინებების გაშიფვრას. ასევე, გაუჩინარდა ჟურნალისტის საქმიანობის დამადასტურებელი რამდენიმე საერთაშორისო აკრედიტაცია. ამ მოვლენების პარალელურად, დაბრუნდაშვილი ფიქრობს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მისი უკანონო თვალთვალი, რათა გაგრძელდეს მისი დევნა პროფესიული საქმიანობის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ უკანონო თვალთვალის და სახლიდან საბუთების გაქრობის საქმეზე ინფორმაცია 12 ივლისს გავრცელდა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი დღის შემდეგ გაუგზავნა, ხოლო ჟურნალისტის გამოკითხვა 19 ივლისს მოხდა. ასეთ ფაქტებზე, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან მოხდეს მყისიერი რეაგირება, რათა დამატებით რისკი არ შეიქმნას ჟურნალისტის საქმიანობის თავისუფლებისა და მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის კუთხით.
ასევე, 13 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის საქმეზე. ჟურნალისტის ავტომობილიდან წაღებული იყო მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც მისი ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად იყო მნიშვნელოვანი, მათ შორის, ტელეკომპანიის კუთვნილი კომპიუტერის გარე მყარი დისკი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით (ქურდობა) მიმდინარეობს, დაკავებულია 1 პირი, ხოლო ჟურნალისტი ცნობილია დაზარალებულად. ნოდარ მელაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული ძარცვა დაშინების იმიტაციაა სწორედ მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეში, სადაც ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების გამო გამოცემა იძულებული გახდა ფუნქციონირება შეეწყვიტა, სასამართლომ წამებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს ჟურნალისტისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3000 ევროს გადახდა დააკისრა, ვინაიდან გამოხატვის თავისუფლების დაცვა ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა.
აღნიშნულ და მსგავსი ძალადობის ფაქტებს შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს და განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს გამოხატვის თავისუფლებაზე. ფიზიკური თავდასხმები და საფრთხის შემცველი გარემო გამოიწვევს ჟურნალისტების პროფესიიდან და ქვეყნიდან გადინების მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდას.
ამ ყოველივეს თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლების მხრიდან უნდა მოხდეს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველყოფის მიზნით. მნიშვნელოვანია, ჩატარდეს დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება, რათა შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს დანაშაულში ჩართულ ყველა პირს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ უნდა დაგმონ ძალადობის ყველა შემთხვევა და გააკეთონ მკაფიო განცხადებები გამოხატვის თავისუფლების და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის თავისუფლების მხარდასაჭერად“,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, განცხადება მომზადდა პროექტის ,,ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ (ConMeCo) ფარგლებში, რომელსაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC), „დოიჩე ველე აკადემიასთან“ (DWA) და „მედიის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით ახორციელებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროექტის მიზნებიდან გამომდინარე აწარმოებს მედიის წარმომადგენლების უფლებათა დარღვევის შემთხვევების მონიტორინგს. აქედან გამომდინარე, განცხადება შედგენილია ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით.