გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 19 აგვისტომდე შენარჩუნდება.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, შესაძლებელია 16-17 აგვისტოს მცირე წვიმა იყოს, მაგრამ ის არ იმოქმედებს ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურაზე.
“შედარებით მაღალი ტემპერატურაა აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც 14 აგვისტოს ჩათვლით, 34-დან 39 გრადუსამდე ტემპერატურა ნარჩუნდება. 15-16 აგვისტოდან სიცხე შენარჩუნდება, მაგრამ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 1-3 გრადუსით დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მერყეობს, შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები მოქმედებს, მაგრამ სინოტივე ქმნის შეგრძნებას, რომ დაახლოებით 38 – 40 გრადუსია. ასეთი ვითარება ნარჩუნდება 19 აგვისტომდე. 19 აგვისტომდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის.
დედაქალაქში უმეტესად უნალექო და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. მესამე დღეა, რაც მაქსიმალური ტემპერატურა – 39 გრადუსი ფიქსირდება, რასაც ვინარჩუნებთ მომდევნო დღეებში. 12-დან 14 აგვისტომდე შესაძლოა, 40 გრადუსი დაფიქსირდეს.
მომავალი კვირის პირველ ნახევარში მაინც მაღალი ტემპერატურა იქნება. შესაძლებელია 16-17 აგვისტოს მცირე წვიმა იყოს, მაგრამ არ იმოქმედებს მაქსიმალურ ტემპერატურაზე, მგრძნობელობა მაღალი იქნება“,- აღნიშნა გვაზავამ.