საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მართვის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის მიხედვით, დინამიკაში სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, რაც სამედიცინო ანალიზებით დასტურდება.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია:

„პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია და შეედარება სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექიმთა ჯგუფის წინა ჩანაწერებს – კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება.

გამოხატულია მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით. თუ გავითვალისწინებთ 2023 წლის 22-23 მაისის მონაცემებს, ჰემატოკრიტი იყო 22%, რეტიკულოციტები 0,5% (5‰), რაც მიუთითებს, რომ რეტიკულოციების პროდუქციის ინდექსი 0,1 და მაღალი ალბათობით ნიშნავს ძვლის ტვინის არაადეკვატურ პასუხს. ექსპერტთა ჯგუფი ფიქრობს, რომ ასეთი მონაცემები მომატებული ფერიტინის და ნორმალური რკინის ფონზე ქრონიკული დაავადების (ამ შემთხვევაში პროტეინდეფიციტური მალნუტრიციის – შიმშილის) მიმანიშნებელია. ამაზე მეტყველებს ჰიპოპროტეინემიაც და ჰიპოფიბრინოგენემიაც.

კვების დეფიციტის გამოხატულებაა ელექტროლიტური დისბალანსიც. რაც შეეხება მართვას კლინიკაში, ამ მხრივ განსაკუთრებული შენიშვნები სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფს არ აქვს. გრძელდება სიმპტომური მკურნალობა, რაც მათი მხრიდან პრაგმატულ მიდგომას წარმოადგენს.

პაციენტის მდგომარეობას მკურნალი ექიმები აფასებენ სტაბილურად, საყურადღებოდ, საშუალო სიმძიმედ (მხოლოდ ერთ ჩანაწერში (31.05.2023) ფიგურირებს, რომ მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება).

ასევე, საგულისხმოა, რომ 2023 წლის 14 ივლისის შემდგომ აღინიშნება ლეიკოციტების შემცირება (ლეიკოპენია), რაც შეიძლება იყოს ასევე, ძვლის ტვინის სუპრესიის შედეგი და თუ ეს ტენდენცია ნარჩუნდება და არ არის დათვლის ტექნიკური პრობლემა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ძვლის ტვინის სუპრესია ამჟამად უფრო მკვეთრად არის გამოხატული, ვიდრე მანამდე იყო,  რაც მთლიანობაში მდგომარეობის გაუარესების ნიშანია. ლეიკოპენიის ალტერნატიული პრობლემა ასევე, შეიძლება იყოს ვიტამინ B12 და ფოლიუმის დეფიციტი, როგორც მალნუტრიციის შედეგი, რაც ამ თვალსაზრისით მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს; შესაძლოა, სხვა ალტერნატიული მიზეზებიც იყოს, მაგ. ვირუსული ინფექცია.

ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ საერთო ჯამში, ნარჩუნდება თანდათანობითი ნელი დინამიკა გაუარესებისკენ, რაც, სამწუხაროდ, სავსებით ლოგიკურია ჯგუფის მიერ გაკეთებული წინამდებარე დასკვნების კონტექსტში.”

როგორც ომბუდსმენის ოფისი აცხადებს, ექიმთა ჯგუფი გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესის მონიტორინგს და პერიოდულად, 2-4 თვის შუალედებით განაგრძობს პაციენტთან ვიზიტებს, ასევე, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას. გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობაში, ვიზიტი განხორციელდება
არაგეგმიურადაც.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან: გიორგი გრიგოლია, გიორგი კაჭარავა, თენგიზ წულაძე, ნინო ზავრაშვილი, აიდა გოზალოვა.