პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შემოღებიდან, 2022 წლის 25 აპრილიდან, 2023 წლის 20 ივლისამდე პერიოდში, რეალურ მოძრაობაში გამოცდა 37 065 პირიდან 22360-მა ჩააბარა, 14705-მა კი უარყოფითი შეფასება მიიღო.
გარდა ამისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2023 წლის 20 ივლისის მდგომარეობით, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შედეგთან დაკავშირებით, მომსახურების სააგენტოში გამოცდასთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველ საპრეტენზიო კომისიაში 116 საპრეტენზიო განაცხადი შევიდა და აქედან 22 დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან, “B” და “BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატს გამოცდის ჩაბარება მეორე ეტაპზე – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში უწევს. მართვის უფლების მიღების მსურველებისთვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებშია შესაძლებელი.