საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 11 ადამიანია დაღუპული.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა,  ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში.

„ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ საქართველოს. ძალიან მძიმეა ის, რაც ეპიცენტრშია. არის ძალიან დიდი სტიქია ამ რეგიონისთვის. სამწუხაროდ, უკვე ნაპოვნია 11 გარდაცვლილი. ეძებენ 25 ადამიანს, ვერტმფრენებმა გუშინ და დღეს შეძლეს ძალიან დიდი საქმის გაკეთება გადარჩენის რგოლის მიმართულებით და 210 ადამიანი უსაფრთხოდ არის გამოყვანილი.

მინდა, აქვე დავადასტურო, ადამიანებს, რომლებიც ვერტმფრენის მეშვეობით გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილზე, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმეს ჰქონდა მინიმალური დაზიანება, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. ასევე ვადასტურებ, რომ ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო დახმარების კუთხით სხვადასხვა რაიონებიდან სხვადსსხვა ტიპის ჯგუფები. გარდაცვლილთა ნაწილი ამოცნობილა, რა ინფორმაციაც მე მაქვს, მაგრამ ყველა არა.

დაკარგულთა ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია ადგილზე მქონდა, იქ ჩვენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა არის მობილიზებული და ამ წუთებშიც ექიმების დამატებითი ჯგუფი მიდის კიდევ ერთ ბრიგადასთან ერთად. ადგილზე ისინი ყველანაირ სამუშაოს ეწევიან დაზარალებულებთან, დაკარგულების ოჯახის წევრებთან მათი ფსიქოლოგიური და სხვა სამედიცინო დახმარების კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა.