ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ქართული კომპანიების მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებასა და სექტორის რეპუტაციის შელახვაზე საუბრობს და ბაზარზე არსებულ დეფიციტს რეფერენტული ფასების პოლიტიკით ხსნის.

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს ფარმაცევტული დარგისადმი გავრცელებულ ბრალდებებს, რაც პირდაპირ ემსახურება ქართული, ეროვნული კომპანიების მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და სექტორის რეპუტაციის შელახვას. ამ დარგმა ქვეყანაში შექმნა და უმაღლეს სტანდარტებზე აიყვანა დამოუკიდებელი ფარმაცევტული საქმიანობა, ასაქმებს ათიათასობით ადამიანს და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელი სექტორია ქვეყანაში.

ჩვენ ვცდილობდით, სექტორში წამოჭრილი პრობლემების თაობაზე საუბარი გადაგვეტანა რეგულატორთან სამუშაო ფორმატში, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, თანამშრომლობისა და კოლეგიალობის ნაცვლად, ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც სავარაუდოდ მიზანმიმართულად ხორციელდება იმისათვის, რომ გადაიფაროს არასწორად შემუშავებული და გატარებული რეფორმები, ეს კი განაპირობებს იმ დეფიციტების წარმოშობას ბაზარზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეფერენტული ფასების დაწესების შემდგომ გაჩნდა.

ა/წლის 20 ივლისს გავრცელებულმა მორიგმა ბრალდებამ, რომელიც უკავშირდებოდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე „დეპაკინ ქრონო“-ზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტების ე.წ. გამოვლენას, გადალახა სექტორისთვის ის მორალური ზღვარი, რამაც განაპირობა ჩვენი საჯარო დუმილის დარღვევა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს უსაფუძვლო ბრალდებებზე ჩვენი მხრიდან გაკეთდა განცხადება, სადაც განმარტებულ იქნა ყველა არსებული წინაპირობა, მაგრამ ვფიქრობთ, საზოგადოებამ კიდევ უფრო დეტალურად უნდა იცოდეს, თუ რა არის ნამდვილი მიზეზები, რაც განაპირობებს უკვე არსებულ და მომავალში მოსალოდნელ დეფიციტებს.

მედიკამენტ „დეპაკინ ქრონო“-თი ბაზრის მომარაგება ძირითადად ხდება მწამოებლის მიერ მოწოდებული და თურქეთიდან პარალელური იმპორტით შემოტანილი მარაგებით. ბაზრის ძირითადმა იმპორტიორებმა მედიკამენტი „დეპაკინ ქრონო“-ს იმპორტისთანავე განახორციელეს მისი განბაჟება, ყველა სტანდარტული და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისობის შემოწმება და გაუშვეს მედიკამენტი რეალიზაციაში ქსელებსა და დამოუკიდებელ აფთიაქებში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულით …

jandacva.ge