სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში ახალი ფაკულტეტები დაემატება. წელს, სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა მომზადების პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო, ხოლო ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა მზადაა აკრედიტაციის მისაღებად.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე სიხარულით აღნიშნავს, რომ აშშ-ის საელჩოს მონაწილეობით ქართულ და ინგლისურ ენებზე ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა უკვე მზად არის.
„სამაგისტრო პროგრამა ჟურნალისტიკაში მალე აკრედიტაციაზე წარედგინება. დარწმუნებული ვარ, ბაკალავრის გარდა, ბევრ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა ისწავლოს ამერიკული უნივერსიტეტების მიერ მომზადებულ ხარისხიან სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ახალციხეში, ასევე ახალქალაქში. ასევე აკრედიტაციისთვის მაზადაა სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების გადამზადების პროგრამა“, – ამბობს ბერიძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ამზადებენ მასწავლებლების გადამზადების პროექტებს ოთხ საგანში: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში ამჟამად 3 ფაკულტეტია: ბიზნესის ადმინისტრირების, ჰუმანიტარული და იურიდიული ფაკულტეტები.