20 ივნისის აქციიდან ერთი წლის თავზე, ოპოზიცია აქციას გეგმავს. ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს თქვა, რომ აქცია “ინტერნეტში არ იქნება, ეს იქნება რეალურ სივრცეში”.
“20 ივნისს აქცია აბსოლუტურად ლოგიკურია და სწორია, მორალურის გარდა პოლიტიკურადაც გამართლებულია. ამავე დროს პოსტპანდემიურ თუ პანდემიურ პირობებში ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც ჯანსაღ აზრთან არის ახლოს. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი სტანდარტი შეიქმნა. ქვეყანა ცხოვრებას აგრძელებს, საპროტესტო ფორმები შეიძლება შეიცვალოს ამ პანდემიის გამო, მაგრამ მუხტი არ შეიცვლება, განწყობა არ შეიცვლება”, — თქვა უგულავამ ლეიბორისტულ პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისივე ინფორმაციით, აქციის შინაარსი უცვლელი იქნება, თუმცა დეოკუპაციისა და ცვლილებების მოთხოვნას ანტიკრიზისული სულისკვეთება დაემატება, იმიტომ, რომ “ეკონომიკის ქარიშხალი დაუბერავს, რომელმაც შეიძლება ერთიანად წარგვხოცოს მთავრობიან ყველაიანა, ისეთი მძიმე დღეები, თვეები და წელიწადი გველის წინ”.
უგულავამ ასევე თქვა, რომ აქციის გამართვამდე იქნება კონსულტაციები სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან.
2019 წლის 20 ივნისს აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა. ხალხმრავალი აქცია პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა. ირაკლი კობახიძე მხოლოდ მომდევნო დღეს გადადგა, მანამდე სპეცრაზმმა აქციაზე შეკრებილები ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. მთავრობა ამტკიცებს, რომ შეკრებილები პარლამენტში შესვლას აპირებდნენ და მათ წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს.