ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა „მომავლის სახლის“ სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
4 ივლისს ახალქალაქის მერიამ ახალქალაქში „მომავლის სახლის“ გარემონტებაზე ტენდერი გამოაცხადა, გარემონტდება ასევე ამავე შენობაში მდებარე ჭადრაკის სკოლაც. წინადადებების მიღება 17 ივლისს დასრულდება. შესყიდვის საორიენტაციო ფასი 62 738 ლარია.
მომავლის სახლში გარემონტდება როგორც საკლასო ოთახები, ასევე დარბაზი, სადაც იმართება ღონისძიებები. კოსმეტიკური რემონტი ცატარდება. ღონისძიებების დარბაზში ახალი, კომფორტული სკამებიც გაჩნდება.
2006 წლიდან „პიონერთა სახლის“ ყოფილი შენობა „მომავლის სახლად“ ფუნქციონირებს. ძველ შენობაში რემონტი ეტაპობრივად და ნაწილობრივ განხორციელდა.
„რამდენიმე ოთახს გაარემონტებენ, დარბაზშიც ჩატარდება რემონტი. არის ოთახები, სადაც ნაკლები სამუშაოა. ჯერ არ ვიცით, როდის გავალთ შვებულებაში რემონტის გამო, რადგან ტენდერი ახლახან გამოცხადდა და რა შედეგი ექ
მოჰყვება ტენდერს, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია და რამდენ ხანს არ ვიმუშავებთ. ყველაფერს ტენდერის ჩატარების შემდეგ გადავწყვეტთ“, – ამბობს „მომავლის სახლის“ დირექტორი სათენიკ მაიტესიანი.
აღვნიშნავთ, რომ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვები სწავლობენ მძივებს, ქარგვას, თოჯინების გაკეთებას, სწავლობენ ენებსაც, იმართება არაერთი ღონისძიება სხვადასხვა დღესასწაულზე. „მომავლის სახლის“ სხვადასხვა წრეში რეგისტრირებულია სხვადასხვა ასაკის 220 ბავშვი.