ამირანის გორასთან სპორტული დასასვენებრლი ზონის შექმნა ჯერ კიდევ 2019 წლიდან იგეგმებოდა. ამ იდეის რეალიზაციისთვის პროექტი შემუშავდა, მაგრამ განხორციელება გაჭიანურდა. ახლა პროექტი კონკურსში მონაწილეობს და გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდება.

ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ აღნიშნული პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსზე წარადგინს. გამარჯვების შემთხვევაში პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. კონკურსი 5 000 000 ლარამდე ღირებულების პროექტებზე გამოცხადდა. 2019 წელს სპორტული ზონის პროექტი 2 800 000 ლარის ოდენობით არის შედგენილი, თუმცა პროექტი გადახედვას და გადაანგარიშებას ექვემდებარება. გამარჯვების შემთხვევაში, თანხის 60-70%-ს სახელმწიფო დააფინანსებს, დანარჩენი კი ადგილობრივი ბიუჯეტის შენატანი იქნება.

„პროექტი 2019 წელს არის შედგენილო, პროექტში ცვლილებები შევიტანეთ და ვმონაწილეობთ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, ველოდებით პასუხს. თუ გადავალთ, ძალიან კარგი იქნება თუ არა, მომავალ წელს ვგეგმავთ ჩვენი ძალებით პროექტის ნაწილობრივ განხორციელებას. ახლა თანხა არის 2 800 000, ცვლილებებით თანხა გაიზრდება, ხარჯებს გადაანგარიშებაზე გავაგზავნით და შესაძლოა შემოვიტანოთ ახალი იდეები. ამის რეალიზება შესაძლებელი იქნება რამდენიმე წელიწადში”, – კომენტარი გააკეთა მან.

2019 წელს, როცა დასასვენებელი ზონის შექმნის იდეა გაჩნდა, დაიგეგმა ველობილიკების მოწყობა, ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაჯვარედინზე და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის შენობისკენ მიმავალი გზიდან ასფალტამდე. გზა უნივერსიტეტიდან „ტავშანკის“ (პოდოს ქვის) გავლით სოფელ ბავრამდე მიმავალ გზამდე. შეძლებისდაგვარად დაიგეგმა “ჩგნავორის“ სამლოცველოს დასასვენებელ ზონაში ჩართვა, ძლიერი განათების, უსაფრთხოების კამერების, Wi-Fi-ის, სკამების და წყლის შადრევნების დამონტაჟება.

პროექტი მიმართულია ახალქალაქის მორბენალ და სპორტით დაკავებულ მოსახლეობაზე, ასევე ველოსიპედისა და ზოგადად სპორტის პოპულარიზაციაზე.