ამირანის გორას ბორცვის ძირში, მდინარის მახლობლად, დასასვენებელი ზონის პირველ ფანჩატურთან, დაჭაობება გრძელდება. დღეს, 3 ივნისს, შემთხვევის ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ, თუმცა ჩვენს კითხვებზე კონკრეტული პასუხი არ ჰქონდათ.
თუ ადრე ამ ტერიტორიის გავლით მდინარე თაფარვანის ნაპირებამდე გავლა შესაძლებელი იყო, ახლა მთელი ეს ზონა ჭაობად არის გადაქცეული. ახალქალაქის მოსახლეობა იტყობინება, რომ წელს ამ ზონის მიმდებარედ მწერების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რაც, მათი აზრით, შესაძლოა, წარმოქმნილი ჭაობით იყოს განპირობებული.
Jnews-ი დაუკავშირდა ახალქალაქის მერიის ეკოლოგიური სამსახურის გარემოს დაცვის სამსახურს იმის გასარკვევად, იგეგმებოდა თუ არა რაიმე ნაბიჯების გადადგმა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რაზედაც დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ხუციშვილმა გვპასუხა, რომ ტერიტორია ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის ფილიალის კომპეტენციაში შედიოდა. სააგენტოდან Jnews-ს უთხრეს, რომ ჩამოვლენ და ადგილზე გაეცნობიან პრობლემას.
დღეს, 3 ივლისს, სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ ტერიტორიას და დაადგინეს, რომ ეს არ არის მათი პასუხისმგებლობის სფერო. აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია არც მუნიციპალიტეტის ბალანსზეა რეგისტრირებული, არც სახელმწიფოს, არც სატყეო სააგენტოს ბალანსზე.
ახალქალაქის მერიიდან Jnews-თან კომენტარი გააკეთეს, რომ ამ ტერიტორიაზე რაიმეს გასაკეთებლად, ჯერ მუნიციპალიტეტის ბალანსზე უნდა გადავიდეს. რამაზ ხუციშვილმა დაამატა, იმის გასაგებად, შესაძლებელია თუ არა პრობლემის აღმოფხვრა ექსპერტებია საჭირო.
„ეს ბუნებაა, ჩვენ უბრალოდ ვერ ჩავერევით, მხოლოდ ექსპერტს შეუძლია თქვას, იქ რამე თუ შეიძლება გაკეთდეს“, – თქვა მან.
აღვნიშნავთ, რომ, როგორც რუკამ აჩვენა, ჭაობის ტერიტორიაზე არის სადრენაჟე არხები, რომლებიც, როგორც მერიაში აცხადებენ, შესაძლოა დაბინძურებულია.