სოფელ არაგვაში მიმავალ ე.წ ახალქალაქი-ბაკურიანის გზაზე ორმოების რემონტი დაიწყო. სამუშაოებს კომპანია “ჯავახ ავტო გზა” ხელმძღვანელობს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ნოდარ ინასარიძის თქმით, ორმოებს ყოველთვიურად არემონტებენ.
„მუშაობა დავიწყეთ და ვნახოთ როდის დავამთავრებთ. მასზე ყოველდღიური მოძრაობის ინტენსივობა და ამინდის პირობებიც მოქმედებს“, – განმარტავს ინასარიძე.
ახალქალაქსა და სოფლის გზებზე ორმოების გარემონტებაზე ელექტრონულ 300 000 ლარის ოდენობის ტენდერში კომპანია „ჯავახ ავტო გზამ“ გაიმარჯვა. სამუშაო დამკვეთის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უნდა შესრულდეს. სამუშაოები მოიცავს დაზიანებული ასფალტის საფარის მოხსნას, ნაგვის გატანას, დამსხვრევას და ბიტუმის წასმას და გვერდებზე 0,6 კგ/მ² თხევადი ბიტუმის დატანას, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგებას.