სახელმწიფოს მიერ რუსული პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვა შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხდება,- ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანალიტიკოსმა, ბესო ნამჩავაძემ “ბიზნეს ფორმულასთან” განაცხადა.
მისი განმარტებით, ტენდერში იმარჯვებს ქართული კომპანია, რომელიც შემდგომ შესყიდვებს რუსეთიდან ახორციელებს, სწორედ ამ გზით საქართველოში დიდი რაოდენობით რუსული საქონლისა და მომსახურების რეალიზება ხდება, სახელმწიფოს კი კონტროლის მექანიზმი არ აქვს.
“პირდაპირ რუსული კომპანიები ნაკლებად მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, თუმცა ამ მიმართულებით პრობლემა არის ის, რომ შუამავალი კომპანიებით შემოდის რუსული საქონელი. მაგალითად, გასულ წელს თბილისი მერიამ რუსული კამაზები სანქცირებული კომპანიისგან შეიძინა, მაგრამ უშუალოდ მათი შემომყვანი კომპანია იყო ქართული.
გამომდინარე აქედან, სტატისტიკაში არ ჩანს ის, რომ ტენდერში რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. საქართველოში დიდი რაოდენობით რუსული საქონლისა და მომსახურების რეალიზება ხდება, რომელთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. არანაირი წესი არ გვაქვს იმის, რომ სანქცირებული რუსული კომპანიის პროდუქცია არ ვიყიდოთ”, – განაცხადა ბესო ნამჩავაძემ
შესყიდვების სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2022 წელს სააგენტოს ბაზაში ჯამში 3 550 ახალი მიმწოდებელი დარეგისტრირდა და მიმწოდებლების ჯამურმა რაოდენობამ 52 724 შეადგინა. სისტემაში რეგისტრირებული მიმწოდებლებიდან 2 582-მდე არის არარეზიდენტი, 85 ქვეყნიდან.
ბაზაში უშუალოდ რუსეთის ფედერაციიდან რეგისტრირებულია 211 მიმწოდებელი. ჯამურად უცხოურ კომპანიებთან გაფორმებულმა ხელშეკრულებებმა გასულ წელს 98 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ტენდერების მთლიანი ღირებულების 1.8%-ია.