რატომ გააუფასურეს ეროვნული ვალუტა ხელოვნურად და რა ელოდებან უახლოეს პერიოდში?

ლარის კურსმა “ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე კვლავ გაუფასურება დაიწყო. თვე-ნახევრის წინ ნახტომისებურად გაუფასურებული ლარი, ბოლო დღეებში, სტაბილურად 2.59-2.61-ის ფარგლებში იყო, თუმცა გუშინ 2.63-იანი ნიშნულისკენ დაიძრა. საინტერესოა, რა აუფასურებს კურსს მაშინ, როდესაც რეალურად ამის არანაირი მიზეზი ქვეყანაში არ არსებობს.

მკვეთრად გამყარებული ლარი, მაისის თვის დასაწყისიდან ნახტომისებურად და სრულიად მოულოდნელად გაუფასურდა. უკვე თვე-ნახევარია, რაც კურსი ახალი წონასწორობის ნიშნულზე დგას, თუმცა გაუფასურების რეალური მიზეზი არც მაშინ არსებობდა და არც დღეს. ამიტომ ეკონომისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დღევანდელი კურსი ხელოვნურია.

ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან დიდი მოცულობის უცხოური ვალუტა ამოიღო და თან სიგნალი გაუგზავნა ბაზრის მოთამაშეებს, რომ თუკი ლარი გამყარებას დაიწყებს, ის, სავარაუდოდ, კიდევ ამოაცლის ბაზარს თანხას.

“საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ისტორიაში ყველაზე დიდი ოდენობის თანხა ამოიღო ბაზრიდან, შესაბამისად, მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ ასეთ ძლიერ ინტერვენციას ფაქტობრივი შედეგი ექნება. გარდა ამისა, სებ-ი ამით ბაზრის მოთამაშეებს სიგნალს აძლევს, რომ კურსს უფრო მეტი გამყარებისკენ არ გაუშვებს და უფრო მეტსაც ამოიღებს, თუ საჭირო გახდება. მით უმეტესს, როგორც ეროვნულ ბანკში თქვეს, რეზერვები შესავსები აქვთ. სწორედ ამან დიდი ზეგავლენა მოახდინა კურსის გაუფასურებაზე.

მეორე მხრივ, რუსეთიდან გადმორიცხვები ნელ-ნელა იკლებს. უფრო ცოტა ადამიანი რჩება საქართველოში, თუნდაც რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ომის შემდგომ აქ ჩამოსული, რომელთაც თანხებს უგზავნიდნენ. შესაბამისად, უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდა და ეს გარემოებაც აისახა ლარის კურსზე.

ის ფაქტი, რომ ეროვნულ ბანკის მენეჯმენტში არეულობაა და მთავრობასთან დაპირისპირება აქვთ, ეს არასტაბილურობის შეგრძნებას უფრო აჩენს, ვიდრე კურსის ერთი მიმართულებით მერყეობას”, – განუცხადა “რეზონანსს” მერაბ ჯანიაშვილმა

მისი აზრით, რადგან გამყარება ძალიან დიდი ტემპით მიდიოდა, სებ-მა გადაწყვიტა, რომ რეზერვების შესავსებადაც კარგი დრო.

“სხვადასხვა კვლევებით დასტურდებოდა, რომ ლარი იმაზე მეტად იყო გამყარებული, ვიდრე ამის ობიექტური მიზეზი და მოცემულობა არსებობდა. მესმის, რომ საზოგადოებაში კურსის გამყარება კარგად აღიქმება და გაუფასურება ცუდად, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. კურსი კარგია, როდესაც სტაბილურია. გამყარებასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და გაუფასურებასაც.

სებ-ში რაც თქვეს, ყველაფერი ისე ააცილეს, ინფლაციით დაწყებული, ლარის კურსით დამთავრებული, რომ უკვე ხმა აღარ აქვთ ამოსაღები და სხედან ჩუმად. ეკონომისტებს შეგვიძლია ვივარაუდოთ, ესა თუ ის ნაბიჯი რატომ გადადგეს, თორემ ამაზე თავად უნდა საუბრობდნენ. უნდა განმარტონ, რატომ ამიღეს ბაზრიდან დიდი მოცულობის თანხა და იყო თუ არა ეს სიგნალი იმისკენ, რომ კურსი მეტად აღარ გამყარდება და პირიქით, შეიძლება გაუფასურდეს ან 2.60-ის ფარგლებში შენარჩუნდება სტაბილურად.

რადგან გამყარება ძალიან დიდი ტემპით მიდიოდა, სებ-მა გადაწყვიტა, რომ რეზერვების შესავსებადაც კარგი დრო იყო და თანაც დაინახა საფრთხე, რომ თუ ლარი იმაზე მეტად ისევ გამყარდებოდა, ვიდრე ამის ობიექტური მოცემულობა არსებობდა, უკვე შემდეგ რაღაც ეტაპზე მკვეთრად გაუფასურებას დაიწყებდა.

სავარაუდოდ, მკვეთრი ნახტომებს თავიდან არიდების მიზნით მოახდინეს სერიოზული ჩარევა, თორემ ჩვენ გვქონია პერიოდები, როცა ლარი არნახულად უფასურდებოდა და მყარდებოდა, მაგრამ არც კი ჩარეულა ეროვნული ბანკი. წესით და რიგით, ლოგიკა ეს უნდა იყოს. თუ საერთოდ რაიმე ლოგიკას ექვემდებარება მათი მოქმედებები და პოლიტიკა.

ამასთან, ლარის გამყარება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების შედეგი არ არის, საქართველოს ეკონომიკაში არ ყოფილა ასეთი გარღვევა. საგარეო ფაქტორებმა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება გაზარდა და ეს ხომ არ არის მუდმივად მოქმედი ფაქტორი? ეს ხალხი როცა იქნება, ხომ წავა საქართველოდან და შესაბამისად, ვალუტის კურსი დაიწყებს დიდ დიაპაზონში თამაშს. ამის პრევენციის მიზნით უნდა იყოს გადადგმული ნაბიჯები”, – დასძინა “რეზონანსთან” ჯანიაშვილმა.

რაც შეეხება რეზერვებს, მაისში სავალუტო რეზერვები 128 მილიონი დოლარით შემცირდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი სავალუტო რეზერვების ზომა 5 005 318 900 დოლარი იყო. ჯერჯერობით უცნობია რა იყო შემცირების მიზეზი. ამის ერთ-ერთი გარემოება შესაძლოა, საგარეო ვალების მომსახურებაც ყოფილიყო, რასაც ქვეყანა სწორედ ამ რესურსებით ფარავს.

წელს სებ-მა სავალუტო რეზერვების შესყიდვის აქტიური პოლიტიკა დაიწყო, რაც მიზნად რეზერვების მოცულობის დაგროვებას ისახავს, თუმცა 2 ივნისს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ლარის სწრაფი გაუფასურების ფონზე გასაყიდად 40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა მხოლოდ 17 მილიონი დოლარი აითვისა. საბოლოოდ, კურსი გაუფასურებული დარჩა. ფინანსისტ  გიორგი ცუცქირიძის აზრით, ლარი ახალი წონასწორობის ნიშნულზე იმყოფება და მკვეთრი მერყეობის მოცემულობა არ არსებობს.

“საერთოდ, ლარი თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტაა და ასეთი ტიპის ვალუტებს მსგავსი რყევები ხშირად ახასიათებს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს, როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორებთან, მათ შორის მოლოდინთან.

თვეზე მეტია, რაც ლარი გარკვეულწილად წონასწორობის ახალ წერტილშია, რაც ტრაგიკული არ არის. ვნახეთ, რომ კურსზე თურქეთის არჩევნებმა, ანუ მოლოდინმა, გარკვეული ზეგავლენა მოახდინა. როდესაც ლარი მკვეთრად უფასურდება ან მყარდება, ეს ყოველთვის ატარებს სპეკულაციის ნიშნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული მოთამაშეები კურსზე ზეგავლენას ახდენენ, არა მხოლოდ განწყობებით, არამედ თავად მონაწილეობენ ამ განწყობის ფორმირებაში.

ლარი, საბოლოო ჯამში, იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ, რა ტენდენციაც ეკონომიკაშია. ქართულ ეკონომიკაში კი ვითარება კარგია. პირველ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და ეკონომიკის აქტივობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა და 7.7% გვაქვს. ასევე, პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობაც მომატებულია. გარდა ამისა, ტურიზმი პირველ კავრტალში, 2019 წლის მონაცემზე მეტია და უცხოური ვალუტის შემოდინება ამ გზითაც გაიზარდა, რაც კურსზე მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აისახება. ინფლაცია უკვე მიზნობრივზე დაბალი გვაქვს.

ერთადერთი რაც შემცირებულია, ეს ფულადი გზავნილებია, მათ შორის რუსეთიდან, თუმცა მისი მოცულობა წინა პერიოდთან შედარებით არის დაკლებული და არა ზოგადად. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, არანაირი წინაპირობა, ფუნდამენტური ფაქტორები იქნება, თუ გარე ფაქტორები, არ მიუთითებს იმაზე, რომ ლარმა რაიმე სერიოზული მერყეობა დაიწყოს”, – განუცხადა “რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ და დასძინა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების შეჯამებით პოზიტიური მოლოდინი არსებობს.

შედარებით გრძელვადიან პროგნოზს აკეთებენ ანალიტიკური ორგანიზაციები. “გალტ ენდ თაგარტი” 2023 წელს ლარის საშუალო კურსს, დოლართან მიმართებაში, 2.55-ს ვარაუდობს.

„ლარის კურსი მაისში 3,8%-ით გაუფასურდა, თუმცა წლიურ ჭრილში კვლავ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 4,4%-ით გამყარებულია. ბოლოდროინდელ გაუფასურებას მივაწერთ ერთჯერად ფაქტორების, რადგან სავალუტო შემოდინება რჩება ძლიერი და ტურიზმიდან შემოსავალი მკვეთრად იზრდება. აღსანიშნავია, რომ სებ-მა 4 თვეში 782,9 მლნ აშშ დოლარი შეიძინა (აპრილში 322,4 მლნ აშშ დოლარი), რის შედეგადაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვები რეკორდულად მაღალი იყო და 2023 წლის აპრილში 5,1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია”, – აღნიშნულია მათ მიმოხილვაში.