სახელმწიფო ენის არცოდნა მთავარ დაბრკოლებად რჩება, რომელიც ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას ხელს უშლის და თითქოს ქვეყნისგან „იზოლირებულად“ ცხოვრობენ. გმირმა, რომელმაც სკოლა ცოტა ხნის წინ დაამთავრა, ეს დაბრკოლება სახელმწიფო ენის შესწავლით გადალახა.

„ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც საზოგადოება სახელმწიფო ენაზე არ საუბრობს, რაც ჯავახეთს იზოლირებულ გარემოში აქცევს“, – აღნიშნავს არევიკ ბალასანიანი, რომელმაც სკოლაში ისწავლა ქართული და გახდა მოხალისე,  რომელიც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ქართული ენის სწავლაში ეხმარებოდა.

არევიკ ბალასანიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოდან არის. ერთი თვის წინ სოფლის სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა და აბიტურიენტია. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სომხეთში დარეგისტრირდა. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სურვილს ​​ქართული ენის შესწავლაში ხელი არ შეუშლია.

վերջի զանգի նկար

„ქართულს ბავშვობიდან ვსწავლობ. როცა სოფელში ქართული ენის სპეციალისტი ჩამოვიდა, მივხვდი, რომ ეს ენა ძალიან მომწონს და ცოდნის გაღრმავებისთვის გზების ძებნა დავიწყე. სხვადასხვა პროგრამაში ვმონაწილეობდი და მოკლე დროში ქართველებთან ქართულად ურთიერთობა დავიწყე. პირველი არხის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაშიც მივიღე მონაწილეობა, რომელიც არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის იყო. მეორე ადგილი დავიკავე, რამაც ენის ცოდნის დონის ამაღლებაში კიდევ უფრო შემიწყო ხელი“, – აღნიშნავს არევიკი.

მისი თქმით, გარემოს, რომელშიც ის ცხოვრობს, ინტეგრაციის პრობლემა აქვს, ხალხი ქართულად არ საუბრობს.  გადაწყვიტა თავისი ცოდნა ჯავახეთის ახალგაზრდებისთვის გაეზიარებინა და ქართულს როგორც მოხალისე, ისე ასწავლის. რეგიონის მოსახლეობას, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია დარეგისტრირდეს და ცოდნა მიიღოს. ყოველივე კი ქართულ საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ნაწილობრივ მაინც დაეხმარება.

„რეგიონში ქართული ენისადმი ინტერესი ბოლო დროს გაიზარდა, მაგრამ ჯერ არ მივსულვართ იმ დონემდე, რომ ყველა თავისუფლად საუბრობდეს და ურთიერთობდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი რაიონისთვის რამე კარგი გამეკეთებინა და ახალგაზრდებს ენის შესწავლაში დავხმარებოდი. საქართველოს “შემეცნებით ცენტრს” დავუკავშირდი და იდეა გავაცანი, რომელიც მოეწონათ. თავდაპირველად 10 ახალგაზრდისთვის დავიწყეთ კურსების ჩატარება, რომლებიც უკვე 2 თვეა გრძელდება“, – ჰყვება არევიკ ბალასანიანი.

սերտիֆիկատի նկար

არევიკის თქმით, პირველ კურსში მონაწილეობისთვის ჯავახეთიდან, სომხეთიდან და მარნეულის სომხებით დასახლებული სოფლებიდან ბევრმა ახალგაზრდამ მიმართა.

ეროვნული გამოცდების გამო გმირი აღარ ასწავლის, მაგრამ სამომავლოდ სწავლებას აპირებს. სურს ქართველებსაც შეასწავლოს სომხური.

„სომხური ენის სწავლების გამოცდილება მაქვს: 2 ჯგუფი მყავდა, რომელთაგან ერთს 3 თვემდე ვასწავლიდი. მიხარია, რომ ცნობილი ადამიანებიც დარეგისტრირდნენ და სომხური ენა შეისწავლეს. კურსებში ცნობილი ქართველი მხატვარი, ჟურნალისტი და პოეტი ლევან წალუგელაშვილიც მონაწილეობდა“.

არევიკი სხვადასხვა პროგრამაში ძალიან ხშირად ერთვებოდა და რამდენიმე მოხალისეობრივი პროექტის ორგანიზატორიც გახდა.

„რამდენიმე ორგანიზაციის, Helping Hand-ის, MEM-ის, Red Cross-ის და სხვა პროგრამების მოხალისე ვარ. Covid-19 პერიოდში UNICEF-თანაც ვთანამშრომლობდი – მთავარი მისია ხალხში ცნობიერების ამაღლება იყო, რათა ადამიანებს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაეკეთებინათ”, – ჰყვება გმირი.

havastagrery

არევიკი ერევანში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ჯავახეთში დაბრუნებას და მიღებული ცოდნის გამოყენებას გეგმავს, რათა ჯავახეთის განვითარებაში წვლილი შეიტანოს.

“ჯავახეთს წინსვლის დიდი შანსები აქვს და ყოველივე ჩვენს ხელშია. უნდა დავბრუნდეთ და სამშობლო განვავითაროთ“, – აცხადებს არევიკი.