17 ივნისს საქართველოს ცეკვის ხელოვნების კავშირის ორგანიზებით მცხეთაში ცეკვის ფესტივალი „კავკასიის რიტმები“ გაიმართა, რომელშიც ახალქალაქიდან ოთხი საცეკვაო ჯგუფი მონაწილეობდა. ღონისძიებისას სამცხე-ჯავახეთის ცეკვის კავშირის კურატორად (კოორდინატორი) ლამარა ქსპოიანი გამოაცხადეს.
ფესტივალში ახალქალაქის კულტურის სახლის ოთხი საცეკვაო ჯგუფი – ანსამბლი „ჯავახკი“, სოფელ ორჯას, ბუღაშენისა და პატარა სამსარის საცეკვაო ჯგუფები – 150 გამომსვლელით მონაწილეობდა. ისინი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ, მედლები ქორეოგრაფებმაც მიიღეს.
„ღონისძიებისას გამოცხადდა, რომ საცეკვაო ხელოვნების კავშირის კოლეგიის სხდომის გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის პრეზიდენტის მოადგილედ და კურატორად ლამარა ქსპოიანი დაინიშნა. ეს ტიტული მის პასუხისმგებლობებსაც ზრდის. გარდა იმისა, რომ ანსამბლებთან მუშაობას გააგრძელებს, რეგიონის მასშტაბით შემქნილ საცეკვაო ჯგუფებთანაც ექნება კავშირი. კურატორმა ოლიმპიადებსა და ფესტივალებზე უნდა იზრუნოს და სიახლეების შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს“, – განმარტავს ახალქალაქის კულტურის სახლის დირექტორი ალიკ ქსპოიანი.
ლამარა ქსპოიანი უკვე 23 წელია ანსამბლ “ჯავახკის” ქორეოგრაფია.