საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 384.9 მლნ აშშ დოლარი (975.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 23.9%-ით (120.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში ფულადი გზავნილების ნახევარზე მეტი რუსეთიდან შემოდიოდა.
2023 წლის მაისში შემოსული გზავნილების 40.2% რუსეთის ფედერაციაზე მოდის – 154.72 მილიონი დოლარი, რაც 50.71%-ით ნაკლებია 2023 წლის მაისთან შედარებით.
მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული.
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია.
მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით.