ჯავახეთი ცნობილია, როგორც რეგიონი, სადაც ეთნიკური უმცირესობები, ქართველი სომხები ცხოვრობენ. აქ არიან რუსი-დუხობორები, ბერძნები, ქართველები და ბოშები. ისინი სომხებთან შედარებით უმცირესობაში არიან. რაც უფრო მეტი ეროვნებაა, მით უფრო მდიდარია რეგიონის კულტურა და ტრადიცია. მაგრამ მრავალფეროვნებასთან ერთად, პრობლემებიც ბევრია. ერთმანეთს უმცირესობისა და უმრავლესობის თავისებურებები უპირისპირდება. Jnews-ი მასალაში სწორედ ამ თემებზე საუბრობს.
რუსი-დუხობორები
ნინოწმინდის 9 სოფლიდან, სადაც ოდესღაც დუხობორები დასახლდნენ, ახლა მხოლოდ ორია დარჩენილი
2014 წლის მონაცემებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 184 რუსი-დუხობორი ცხოვრობდა. დღეს გორელოვკასა და ორლოვკაში 100-მდე დუხობორი ცხოვრობს.
ისინი მუდამ ჟურნალისტებისა და მათი ტრადიციებით დაინტერესებული ადამიანების ყურადღების ცენტრში არიან. კითხვებს უხალისოდ პასუხობენ. ფიქრობენ, რომ მათ შესახებ უკვე ყველამ ყველაფერი იცის.
დუხობორები მე-19 საუკუნეში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (ყოფილი ბოგდანოვსკის რაიონი) გადმოასახლეს. სოფელ ვლადიმიროვკაში, ტამბოვკაში, როდიონოვკაში, ნინოწმინდაში, სპასოვკაში, ორლოვკაში, გორელოვკაში, ეფრემოვკასა და კალინინოში კომპაქტურად დასახლდნენ.
დუხობორების ტიპიური სახლი
დუხობორის სახლს ჯავახეთისთვის გამორჩეული ხედი აქვს. დაბალი, ერთსართულიანი სახლების ფასადები თეთრი ან ღია ცისფერი ბათქაშით არის დაფარული, ხოლო მათ გასაფორმებლად და კარ-ფანჯრის ირგვლივ ფირფიტები, ჟალუზები გამოიყენება. დასახლებისთვის უჩვეულო ბრტყელი სახურავითაც გამოირჩევიან.
სახლების უმრავლესობაში სომხები და ქართველები ცხოვრობენ, რადგან პოსტსაბჭოთა წლებში დუხობორებმა ადგილები რეპატრიაციის პროგრამის გამო დატოვეს და უკეთესი საცხოვრებელი პირობების საძიებლად წავიდნენ. მიგრაცია ახლაც არ შეწყვეტილა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გორელოვკის დატოვებას არ აპირებენ.
ვასილ ბალაბანოვი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც გორელოვკაში დარჩა. მას ორი შვილი ჰყავს.
„რამდენიმე თაობაა აქ ვცხოვრობთ და წასვლას არ ვაპირებთ. ბავშვები რუსეთიდან მალე ჩამოვლენ. ქალიშვილი სომხეთში სწავლობდა და სკოლაში დასაქმდა. ვაჟიც სკოლის სამეურნეო ნაწილში მუშაობს. მეზობლად ქართველებიც ცხოვრობენ და სომხებიც. ერთმანეთს კარგად ვუგებთ“, – ჰყვება იგი.
საცხოვრებელს ახალგაზრდები სამუშაოს, გასართობი ადგილისა და წინსვლის შესაძლებლობების არარსებობის გამო ტოვებენ. უფროს თაობას კი მეურნეობა აქვს, სიმშვიდეს და ადგილს მიეჩვივნენ. ტატიანას შვილები მოსკოვში გაემგზავრნენ, ერთი ქალიშვილი დაოჯახდა და აქ დარჩა.
„ჩემი ნათესავების ნახვა მინდა, რომლებიც სტავროპოლის მხარეში არიან. იქ 90-იან წლებში წავიდნენ. მაგრამ აქ მეურნეობა მაქვს, ქათმები, ძროხები მყავს“, – ამბობს იგი.
ანდრეი სმოროდინი, გორელოვკადან, მეცხოველეობით არის დაკავებული.
„ჩემი წინაპრები აქ განისვენებენ, ჩვენი სამშობლოც აქ არის. 4 შვილი მყავს: ორი – აქ, ორი – რუსეთში. ახალგაზრდებს აქ ცხოვრება ურთულდებათ, რადგან სამუშაოს შოვნა უჭირთ და მიდიან. ჩვენ მეცხოველეობით ვართ დაკავებულნი. ოდესღაც ეთნიკური კონფლიქტები იყო, მაგრამ ახლა აღარ არის. სომხებთან, აჭარლებთან (ეკომიგრანტებთან აჭარიდან) კარგი ურთიერთობა გვაქვს. დღესასწაულებს, ახალ წელს მართლმადიდებლებივით აღვნიშნავთ”, – განმარტავს ანდრეი სმოროდინი.
სმოროდინას თქმით, ეროვნული იდენტობის გამოხატვაში არავინ ერევა და მას შეძლებისდაგვარად ინარჩუნებენ. მაგრამ იმის გამო, რომ ახალგაზრდები მიდიან, ჯავახი დუხობორების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
გორელოვკაში „ბავშვთა სახლია“, სადაც კვირაობით იკრიბებიან, დღესასწაულებზე მღერიან და ლოცულობენ. „ბავშვთა სახლს“ „მლოცველთა სახლსაც“ უწოდებენ. საბჭოთა პერიოდში სახლი საწყობად გადაკეთდა. აქ ძირითადად მოზარდები იკრიბებიან.
დუხობორები სომხებთან და ქართველებთან ქმნიან ოჯახებს. გორელოვკაში სომხური, ქართული და რუსული სკოლები ფუნქციონირებს. მისი დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდები სასწავლებლად ძირითადად სომხეთში მიდიან.
„მაგაგორელები“ ან სიტოვშიკები
ახალქალაქის ბოშები ასიმილირებულნი არიან. ჯავახეთის სომხებთანაც იდენტიფიცირდებიან. ოსმალეთის იმპერიიდან დეპორტირებულ სომხებთან ერთად ჩამოვიდნენ. ნახევარი წალკაში დასახლდა, მაგრამ ახალქალაქში დაბრუნდა. საქართველოში ბოშები ახალქალაქის გარდა, თბილისში, გორში, ახალციხეში ცხოვრობენ.
ბოშა მათთვის არასასურველი წოდებაა. ურჩევნიათ „მაგაგორელები“ უწოდონ, თუ ეთნიკურ ჯგუფს გამოჰყოფენ. მაგრამ სურთ ადგილობრივი სომხებისგან არ გამოირჩეოდნენ. ახალქალაქში ძველ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. ადგილობრივები ქალაქის ამ ნაწილს დღემდე „ბოშა მაილას“ უწოდებდენ, რაც ბოშათა უბანს ნიშნავს.
“მაგაგორელების” ქუჩა ძირითადად ქალაქის ფერდობებზე მდებარეობს
ახალქალაქის „მაგაგორელები“, ისევე როგორც ეთნიკური ჯგუფის ყველა სხვა წარმომადგენელნი, ყოველთვის ცდილობდნენ მოსახლეობის უმრავლესობისგან არ გამოირჩეოდნენ. ისტორიულად ისე მოხდა, რომ სოციალურ იერარქიაში დაბალ პოზიციაზე იყვნენ. ამიტომ ეთნოგრაფიულ ჯგუფში კუთვნილების გამხელა არ სურთ. ასიმილაცია ყოველთვის მათი თვითმიზანი იყო. ათწლეულების წინ მკვლევარები ამბობდნენ, რომ ბოშები, როგორც ეთნიკური ჯგუფი, მალე გაქრებიან და უმრავლესობაში გაიბნევიან.
ათეულობით წლის წინ ახალქალაქის „მაგაგორელები“ საცრების, თუნუქის ნაწარმის დამზადებით და რეალიზაციით იყვნენ დაკავებულნი, კარგ ფეხსაცმლსა და ქუდებს კერავდნენ. ახლა „მაგაგორელები“ საცრებს აღარ ამზადებენ, მაგრამ ვაჭრობაში აქტიურად არიან ჩართულნი. თუ ადრე შვილებს ხელობას ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ და თვლიდნენ, რომ უმაღლესი განათლებით საარსებო წყაროს პოვნა ძნელია, ახლა უმეტესობა უნივერსიტეტებში აბარებს.
ახალქალაქის აგრარულ ბაზარზე რიგია, სადაც ძირითადად „მაგაგორიელები“ ვაჭრობენ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი კარაპეტ პალოიანი ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია. ის სიამაყით ამბობს, რომ ბაბუა (დედის მამა) ახალქალაქში პირველი მძღოლი იყ.
“ახლა ბევრი რამ შეიცვალა, ახალგაზრდები უმაღლეს განათლებას ირჩევენ. ქორწინება პრობლემა აღარ არის და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებზე ვქორწინდებით”, – ამბობს კარაპეტ პალოიანი.
ახლა ახალქალაქში 500-მდე “მაგაგორელი” ოჯახი ცხოვრობს. საკუთარი დამწერლობა არ აქვთ, მაგრამ გააჩნიათ საკუთარი ენა, ლომერული ან ლომავრული. „მაგაგორიელები“ ადგილობრივ სომხურ დიალექტზე საუბრობენ და ლომავრულს მაშინ იყენებენ, როცა არ სურთ, სხვებმა მათი საუბარი გაიგონ. მაგრამ ახალგაზრდა თაობამ ეს ენა აღარც იცის და აღარც სწავლა უნდა.
ადრე ახალქალაქში დისკრიმინაციის შემთხვევები ფიქსირდებოდა. ხალხი იყოფოდა ქალაქელად, სოფლელად და ბოშად. განსაკუთრებით სკოლებში „მაგაგორელების“ შვილები დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებოდნენ: აღიზიანებდნენ, ბოშებს ეძახდნენ, რაც სწყინდათ. მაგრამ ახლა, როცა ეს პრობლემა გაქრა, ასიმილაციამაც იმატა.
„ცუდად აღზრდილ ადამიანს ახლაც შეუძლია ბოშა დაგიძახოს. ეს სკოლაში, ბავშვებს შორის ხდება. განსაკუთრებული ტრადიციები არ გვაქვს, არც საზოგადოების ლიდერი გვყავს. ჩვენთან უფროს ადამიანებს ძალიან აფასებენ და ხშირად პატივისცემის ნიშნად სახელის მაგივრად “ძმას” ვეძახით”,- ჰყვება კარაპეტ პალოიანი.
ბერძნები
ჯავახეთში ბერძნები ხოსპიოში, ბავრასა და ნინოწმინდაში ცხოვრობენ. ნაწილობრივ ასიმილირებულნიც არიან
საქართველოში და კერძოდ ჯავახეთში პონტოელი ბერძნები 1918 წელს ოსმალეთის იმპერიიდან გადმოსახლდნენ. იმ დროს საქართველოში დასახლებულ ბერძენთა 22 ოჯახს შორის იოანე მაცუკატოვის ოჯახი იყო. თავდაპირველად წალკის რაიონის სოფელ რახაში დასახლდნენ.
„ჩემი ჩამოსვლიდან 2-3 თვეში ბაბუა გარდაიცვალა და სოფელ რახას ეკლესიის ეზოშია დაკრძალული, ბებია კი მეორედ გათხოვდა. მამაჩემი საცხოვრებლად კახეთში წავიდა, ჯერ სოფელ კოთელიაში დასახლდა, შემდეგ კი ხოსპიოში. საკუთარი ენა გვაქვს და ჩვენს ენაზე ვლაპარაკობ. არც ერთი ბერძნული ტრადიცია არ შემოგვრჩა, ძირითადად ქართულ ტრადიციებს მივყვებით. მაგრამ როცა მეკითხებიან თუ რა ეროვნების ვარ, ვამბობ, რომ ბერძენი”, – ამბობს მაცუკატოვი გიორგი.
ქართველთა შორის მცხოვრები ჯავახი ბერძნები ქართულ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს იცავენ, ხოლო ვინც სომხებს შორის ცხოვრობს სომხურ ტრადიციებს. უფროსები პონტოელი ბერძნების ენაზეც საუბრობენ.
გიორგი მაცუკატოვის ოჯახში ეთნიკები შერეულია და ამით ამაყობს.
„80 წელს მივაღწიე და დისკრიმინაციის შემთხვევები არც კი მინახავს. პირიქით, ბევრი სხვა ეროვნების წარმომადგენელზეც ქორწინდება. მათ არ ვკიცხავ. ჩემი ცოლი მეგრელია, ჩემი ძმის ცოლი უკრაინელი, მეორე ძმის ცოლი აჭარელი ( ქართული აჭარიდან). არანაირი შევიწროება არ შემიმჩნევია. მეზობლებიც სომხები არიან და სომეხი ნათესავებიც მყავს. სომხურად წერა-კითხვა ვიცი. თვითონ ვისწავლე. თურქულადაც ვსაუბრობ. ჩვენი წინაპრები თურქეთიდან რომ ჩამოვიდნენ, თურქულად ლაპარაკობდნენ. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, 2009 წლიდან, ოჯოახში თურქულად არავინ საუბრობს“, – ამბობს გიორგი მაცუკატოვი.
სოფელ ხოსპიოში 20 ბერძნული ოჯახი ცხოვრობს. სოფლის ყველა სხვა მაცხოვრებლის მსგავსად სოფლის მეურნეობით, მეცხოველეობით არიან დაკავებულნი.
გიორგი მაცუკატოვი საქართველოს თავის ამჟამინდელ სამშობლოდ, ხოლო საბერძნეთს ისტორიულ სამშობლოდ მიიჩნევს. 90-იან წლებში საქართველოდან უამრავი ბერძენი წავიდა ისტორიულ სამშობლოში.
გიორგი მაცუკატოვი, 80 წლის
„აქ დავიბადე, აქ ვცხოვრობ. საქართველოსთან სულიერი კავშირი მაქვს და საქართველოს მოქალაქეც ვარ. ახალგაზრდებს საბერძნეთში წასვლა სურთ, მაგრამ ის არ იზიდავს როგორც ისტორიულ სამშობლო, უბრალოდ მატერიალური კეთილდღეობისთვის სჭირდებათ“, – აღნიშნავს მაცუკატოვი.
გიორგი მაცუკატოვი დიდი ხნის განმავლობაში ჯავახეთის ბერძნულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა. ახლა მისი ადგილი მიხეილ კოლიკიდმა დაიკავა. 15 წლის წინ ახალქალაქში საკვირაო სკოლა გახსნა, სადაც ბერძნულ ენას ასწავლიან. სკოლის მიზანია ასიმილაციის თავიდან აცილება, ბერძნული იდენტობის შენარჩუნება.
მიხეილ კოლიკიდის თქმით, სკოლაში სწავლობენ არა მხოლოდ ბერძნები, არამედ სომხები და ქართველები. ამტკიცებს, რომ სკოლა ჯავახი ბერძნების იდენტობის შენარჩუნებას ხელს უწყობს.
„პატარა ბავშვები თავს ან სომხებად თვლიდნენ ან ქართველებად, მაგრამ მას შემდეგ, რაც სკოლაში დაიწყეს სიარული, კითხვაზე რა ეროვნების არიან, პასუხობენ – ბერძენი. დაინტერესდნენ საბერძნეთის ისტორიით და ბერძნებივით ფიქრობენ. მთავარია, ვამაყობთ, რომ საქართველოში ვცხოვრობთ. 12 წლამდე არ ვიცოდი, რა ეროვნების ვიყავი. პირველად სომხურად დავიწყე ლაპარაკი. ზოგადად, ეს ინდივიდუალურია და ოჯახზეა დამოკიდებული“, – განმარტავს მიხეილი კოლიკიდი.
მიხეილ კოლიკიდის თქმით, 10 წლის წინ ჯავახეთში 123 ბერძენი ოჯახი ცხოვრობდა.
2023 წლის 19 მაისი, პონტოელი ბერძნების გენოციდის დღეს ოსმალეთის იმპერიის ბერძნები, სომხები, ახალქალაქელი ქართველები გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ძეგლთან მივიდნენ
სომხები
სომხები ჯავახეთის მოსახლეობის დაახლოებით 94%-ს შეადგენენ
ალმასიანების ოჯახი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯაში ცხოვრობს. სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი. ოჯახის მამაკაცი 22 წელია ოჯახის სარჩენად სეზონურ სამუშაოზე რუსეთში მიდის.
ალმასიანთა საგვარეულოს ისტორია იმითაა საინტერესო, რომ იგი ჯავახეთის სომხების ცხოვრების ყველა ძირითად ნაწილს მოიცავს. ოჯახი საზღვარგარეთიდან შემოსული თანხებით ცხოვრობს. რუსეთში გადასვლასაც გეგმავდნენ, რათა ერთად ეცხოვრათ. საქართველოს მოქალაქეობაზეც უარი თქვეს. მაგრამ ოჯახს ინტეგრაციის ტალღამ გადაუარა: ქალიშვილმა, ლიდამ დაჟინებული მოთხვონით, საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
თბილისში სწავლა სურდა ლიდას ძმას, გრიშა ალმასიანსაც, მაგრამ, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოში უფასო უმაღლეს განათლებას ვერ მიიღებდა, ოჯახს კი წელიწადში 8000 ლარის გადახდა გაუჭირდებოდა. ამიტომ გრიშა სომხეთში სწავლობს.
ვოსკეჰატ ალმასიანი, გრიშასა და ლიდას დედაა. უხარია, რომ მისმა ქალიშვილმა ქართული იცის. სწავლა თავადაც სურდა, მაგრამ დრო არ აქვს.
ლიდას ბებია როზა, მიიჩნევს, რომ ბავშვებმა ქართული უნდა ისწავლონ. ხოლო საერთო ჩავარდნად მიიჩნევს იმას, რომ ადგილობრივმა სომხებმა სახელმწიფო ენა არ იციან.
„ბავშვები ქართველები არიან. როცა მოდიოდნენ, ურთიერთობა გვიჭირდა. ქართული რომ გვცოდნოდა, უკეთესი იქნებოდა, ადრე სტუმრები ხშირად მოდიოდნენ, მათთან ქართულად ვლაპარაკობდი, მაგრამ ახლა დამავიწყდა. მაშინ ქართულ ენას ამხელა მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ“ – ამბობს ბებია როზა.
დედამთილი და რძალი – ვოსკეჰატი და როზა ალმასიანები
ალმასიანების ოჯახმა ადგილობრივი წეს-ჩვეულებები და ტრადიციების სახეცვლილებებიც შეითვისა. ოჯახში, ტრადიციის მიხედვით თვლიან, რომ ქალიშვილი ახალი თაობის ნათელი წარმომადგენელი უნდა იყოს.
„ვაიძულე, ავტომობილის მართვა ესწავლა. ბავშვობაში მორცხვი იყო, ახლა კი შეიცვალა. ვამაყობ მისით. ყოველთვის პირველი, მიზანდასახული, სერიოზული იყო. ჩემი ვაჟიც ჭკვიანია, მაგრამ ლიდას საპირისპიროა – ძალიან ხალისიანია, იუმორის კარგი გრძნობა აქვს“, – განმარტავს ვოსკეჰატი.
ჯავახეთის სომხების უმეტესობა დღემდე არ ფლობს სახელმწიფო ენას. ალმასიანების ოჯახის მსგავსად, ჯავახეთის მოსახლეობაც ოჯახების სარჩენად საზღვარგარეთ მუშაობს. უმაღლეს განათლებას ძირითადად სომხეთის ან საქართველოს უნივერსიტეტებში იღებენ. წლების განმავლობაში ქართულ უნივერსიტეტებშიც უკვე სულ უფრო მეტი სტუდენტი აბარებს. ჯავახეთში ბევრ ოჯახს კი მოქალაქეობის საკითხი აწუხებს.
ქართველები
ჯავახეთში ქართველები მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენენ
კოთელია სომხური სოფლებით არის გარშემორტყმული, სადაც მხოლოდ ქართველების 150 ოჯახი ცხოვრობს. ოთარ ყავრელიშვილი კოთელიას ერთ-ერთი მკვიდრია. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ასწავლის და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული.
სოფელი კოთელია ახალქალაქიდან 15 კმ-ში მდებარეობს
ყავრელიშვილი მიიჩნევს, რომ ჯავახეთი საქართველოს კარიბჭეა.
„სოფელში ყავრელიშვილი ერთ-ერთი ძველი გვარია. ამ გვარის ორი ოჯახი ცხოვრობდა. სომხებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, პრობლემა არასდროს გვქონია. სტალინის მმართველობისას გვავიწროებდნენ, მაგრამ ახლა ასე აღარ ხდება. ჯავახეთი ტოლერანტული რეგიონია, აქ ხალხს ეროვნებით არ გამოარჩევენ“, – აცხადებს ოთარ ყავრელიშვილი.
ოთარ ყავრელიშვილი
პედაგოგი გიული ზედგინიძეც კოთელიაში ცხოვრობს. მიაჩნია, რომ ჯავახეთში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები მშვიდად და მეგობრულად ცხოვრობენ. თუმცა, თვითონ უხერხულად გრძნობს თავს, რომ ყველა მომსახურებას ქართულად ვერ იღებს.
“საავადმყოფოში ექიმებისთვის იმის ახსნა გვიჭირს, თუ რა გვტკივა და გვაწუხებს. არ ვგრძნობ, რომ სომხებს შორის უმცირესობაში ვარ, ეს ხომ ჩემი სამშობლოა. არასოდეს გამირჩევია ხალხი ეროვნების, რასის, რელიგიის მიხედვით“,- ამბობს გიული ზედგინიძე.
ქალაქებსა თუ შერეულ სოფლებში მცხოვრებმა ბევრმა ქართველმა სომხური იცის და კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ. ქართულ სოფლებში კომპაქტურად მცხოვრები ქართველები ან შედარებით ცოტა ხნის წინ ჩამოსული ეკომიგრანტები სომხურად აღარ საუბრობენ. თუმცა იმ სომხებთან კომუნიკაციისას, რომლებიც სხვადასხვა მომსახურებას სთავაზაობენ და ქართულად არ საუბრობენ, ჟესტების ენა გამოიყენება.
გიული ზედგინიძის თქმით, ადგილობრივ ქართველებს თავიანთი ტრადიციები აქვთ და მათ იცავენ, ამზადებენ ტრადიციულ კერძებს და აღნიშნავენ დღესასწაულებს.
ელენე გეორგაძე როგორც სომხურ, ისე ქართულ დღესასწაულებს აღნიშნავს.
“ჩემი დედამთილი სომეხია, ამიტომ სომხურ დღესასწაულებს ნათესავებთან ერთად აღვნიშნავთ. მათ სახლში ვზეიმობთ. ასეთი დღესასწაულია მაგალითად, აღდგომა”, – ამბობს ელენე გეორგაძე.
სოფელ ოკამში, აფნიაში, გოგაშენში, აზმანაში, ქარცეფში, კოთელია, პტენაში, ჩუნჩხაში, ორლოვკაში, გორელოვკაში, სამებასა და ზოგიერთ სხვა სოფელში 1988-1989 წლებში მომხდარი სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული ხალხი ცხოვრობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკომიგრანტები ძირითადად მუსლიმი ქართველები არიან. ზოგიერთ სოფელში მეჩეთიც ააშენეს, ზოგიერთში კი ცარიელ შენობებში ლოცულობენ. იდენტობის შენარჩუნებაზე, კულტურაზე არ საუბრობენ. ამ ხალხს 30 წელზე მეტი ხნის წინ დასახლებული და კეთილმოწყობილი სახლების პრივატიზება არ შეუძლია.
ორსართულიანი, იდენტური სახლები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკომიგრანტებისთვის ააშენეს