მიმდინარე წელს საქართველოში გამოვლენილი ცოფის შემთხვევები წინა ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ შემთხვევებს პირველ ხუთ თვეშივე აჭარბებს.

უფრო ზუსტად, 2023 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ცოფი 45 ცხოველს დაუდგინდა მაშინ, როცა 2022 წლის 12 თვის განმავლობაში ქვეყანაში ცოფის 31 შემთხვევა იყო აღრიცხული, 2021 წელს კი — 40.

ტენდენცია საყურადღებოა იმ ფონზეც, რომ ცოფის გავრცელებას სეზონურობა ახასიათებს. ვირუსის გავრცელების პერიოდად ზაფხულის დასაწყისი მიიჩნევა, საქართველოში კი შემთხვევების გამოვლენა ადრეულ გაზაფხულზე დაიწყო და მაისის ბოლოს 45-ს მიაღწია.

ყველაზე მეტი, 54 ცხოველი, ცოფით 2020 წელს დაავადდა. აღნიშნულ მონაცემთან ახლოს 2016 წლის მაჩვენებელია, როდესაც ცხოველებში ცოფის 53 შემთხვევა აღირიცხა.

2023 წლის პირველ 5 თვეში ყველაზე მეტი ცოფის შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღირიცხა (17). მეორე ადგილს რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი იკავებს, სადაც იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში ცოფით 14 ცხოველი დაიღუპა, იმერეთში 11 შემთხვევა გამოვლინდა, თბილისში, კახეთსა და სამცხე- ჯავახეთში — თითო-თითო.

ვეტერინარი მარიამ ჩხიკვიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, რომ წელს საქართველოში ცოფის შემთხვევების გამოვლენა ძალიან ადრე დაიწყო. სპეციალისტის თქმით, ვირუსი ზამთარში აქტიური არაა, რადგანაც თავად ცხოველებიც ცივი სეზონის განმავლობაში უფრო პასიურები არიან, არ გადაადგილდებიან და დაავადებაც ნაკლებად ვრცელდება, ზაფხული კი ცოფის სეზონად მიიჩნევა.

netgazeti.ge