“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) გამოაქვეყნა ახალი ანგარიში – “რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში”, რომლიდანაც ვიგებთ, რომ მაგალითად, რუსეთის მოქალაქეების წილი, თბილისში სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 0.9 პროცენტიდან 5 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში 5 პროცენტიდან 17.6 პროცენტამდე.

დოკუმენტში სამშენებლო სექტორის, მსხვილი ინვესტიციების, ტურიზმის/სასტუმრო მომსახურებისა და საგზაო-სატრანსპორტო გადაზიდვების კვლევა საშუალო და დიდი ზომის კომპანიების კონტექსტშია გაანალიზებული.

კვლევის მეთოდოლოგია, დიდწილად, ოფიციალური დოკუმენტების, საჯარო რეესტრის მასალებისა და მედია რესურსების ანალიზს ეყრდნობა.

სამშენებლო სექტორი

ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების წილი, თბილისში სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 0.9 პროცენტიდან 5 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში 5 პროცენტიდან 17.6 პროცენტამდე.

IDFI-ის კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს (9 სექტემბრამდე) რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15 164 შენობა/ნაგებობა (მათ შორის, 13 262 ბინა) და 13 850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს.

ტურიზმი/სასტუმრო მომსახურება

კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობამ 1 087 257 შეადგინა, რაც საერთაშორისო ვიზიტორების საერთო რაოდენობის 23 პროცენტია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით კი ვიგებთ, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა $891 მილიონი შეადგინა, რაც საერთაშორისო ვიზიტებიდან მიღებული საერთო შემოსავლების 25 პროცენტია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებისა და მათგან მიღებული შემოსავლების წილი საერთო რაოდენობაში, უსწრებს 2019 წლის მაჩვენებლებსაც, როცა 8 ივლისამდე რუსეთ-საქართველოს შორის არსებობდა პირდაპირი ფრენები და არ არსებობდა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები.

საბანკო სექტორი

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში გახსნილი ჰქონდა რუსეთის 161 032 მოქალაქეს (ფიზიკურ პირს) და 55 იურიდიულ პირს.

2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 2,87 მილიარდ ლარს, რაც 2 16 მილიარდი ლარით აღემატება ომის დაწყებამდე არსებულ (2022 იანვრის) მაჩვენებელს.

შესაბამისად, კვლევის თანახმად, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი, ომამდე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა.

საგზაო-სატრანსპორტო გადაზიდვები

2023 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ექსპორტი რუსეთში გაზრდილია 38 პროცენტით, სომხეთში კი 197 პროცენტით.

IDFI-ის კვლევის თანახმად, ექსპერტების აზრით, სავაჭრო ტრენდებზე დაკვირვება უჩვენებს, რომ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გაზრდილი ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება რუსეთისაკენ, და სწორედ ამ კონტექსტში ხაზგასმულია საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი.

ჯემნიუსი