საქართველოში ლეფტოსპიროზი ვრცელდება – ცხელებით და კუნთების ტკივილით დაწყებული დაავადება, რომელიც თირკმლის ფუნქციის მოშლამდე მიდის. ეს არის დაავადება, რა დროსაც ადამიანი ინფიცირდება დაბინძურებული საკვები პროდუქტებით ან წყლით. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული ან დაავადება გადატანილი გარეული და შინაური ცხოველები. ოფიციალური მონაცემებით, ლეფტოსპიროზის დაავადებით დღეს სხვადასხვა კლინიკაში ათობით ადამიანია მოთავსებული.

დაავადების შემთხვევები წელიწადის ყველა დროს გვხვდება, თუმცა აქტიურდება ზაფხულში. პრევენციის მთავარი საშუალება წყლისა და საკვები პროდუქტების დაცვაა დაბინძურებისაგან. ლეფტოსპიროზი ადამიანებში შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალოდ და მძიმედ. თბილისის რამდენიმე კლინიკაში პაციენტები რეანიმაციებშიც მოხვდნენ.

ლეფტოსპიროზი დაავადებათა ნუსხაშია შეტანილი – ეს არის ინფექცია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ღია და დამდგარი წყლის მიღებით ხვდება, გადამტანი კი ცხოველია.
სიმპტომები მრავალფეროვანი აქვს – პირღებინება, დიარეა, გამონაყარი, კიდურების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, გართულების შემთხვევაში თირკმლის უკმარისობა და მენინგიტიც კი.

მიმდინარე სეზონზე მხოლოდ საუნივერსიტეტო კლინიკაში ლეფტოსპიროზისუკვე 21 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 3 მძიმე მიმდინარეობით. არიან გამოჯანმრთელებულებიც.

დაავადება სეზონურია – ღია წყლებში, ტბებში, პატარა მდინარეებში, წყაროს წყლებსა თუ ჭებში, ის ცხოველის თუ მღრღნელის შარდის ან მათი ნერწყვის მოხვედრით ვრცელდება. თუ დაბინძურებული წყალი ადამიანის ორგანიზმში მოხვდა, ინფიცირების შანსი 98%-ია.

ინფექციის ამოცნობა, მისი არაერთი სხვა დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომიდან გამომდინარე რთულია. დაგვიანებული დიაგნოსტიკის და მკურნალობის შემთხვევაში კი მაღალია ლეტალობის შემთხვევები. ლეფტოსპიროზის ლაბორატორიული დადასტურება საქართველოში მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას შეუძლია.

ლეფტოსპიროზს ახასიათებს მიკრო ეპიდაფეთქებები ზაფხულის სეზონზე, ინფექცია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს მედიცინისთვის გამოწვევას, მიმდინარე სეზონზე კი შემთხვევები ბევრია რეგიონში, თურქეთსა და სომხეთში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია საერთოა – დავლიოთ მხოლოდ სუფთა წყალი, რომელზეც გაცემულია რეკომენდაცია, რომ სასმელად ვარგისია.