რადიკ ეზოიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან სამცხე-ჯავახეთში ქართული ცეკვის ხელოვნების კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
გადაწყვეტილება რადიკისთვის მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, რაც ავალდებულებს კიდევ უფრო მეტი იმუშაოს და გაორმაგებული შედეგი აჩვენოს.
„საცეკვაო ხელოვნების კავშირის მიერ ორგანიზებულ ფესტივალებზე თბილისში რამდენჯერმე ვიყავით. ჩვენი ნამუშევარი, ცეკვების ხარისხი შეამჩნიეს, ნახეს რამხელა აქტიურობა მოჰყვა მას. დამირეკეს და მითხრეს, რომ ახალციხეში შეხვედრა იგეგმებოდა და სურდათ მეც დავსწრებოდი, სადაც მითხრეს, რომ უნდათ საცეკვაო კავშირის წევრი გავხდე“, – ამბობს რადიკი.
შეხვედრაზე განიხილეს ვინ რა პოზიცია უნდა დაიკავოს. საბოლოოდ, სამცხე-ჯავახეთის ქართული ცეკვის ხელოვნების გაერთიანების პრეზიდენტი სამსონ მენაბდიშვილი და მისი ორი მოადგილე აირჩიეს. 11 მონაწილიდან მოადგილედ რადიკ ეზოიანი და ასპინძელი გოგონა დაინიშნენ.
რადიკმა იცის, რომ ამ თანამდებობის დაკავება ავალდებულებს კიდევ უფრო აქტიური იყოს, მოაწყოს სხვადასხვა ღონისძიებები და განავითაროს ცეკვის ხელოვნება სამცხე-ჯავახეთში.
„ამირჩიეს, რათა ორივე ქვეყნის კულტურის გაცნობით სომხეთთან კავშირი დამყარდეს. თბილისიდან ჩამოსული ჯგუფები მასტერკლასებს ჩაატარებენ. გვინდა მოვაწყოთ ფესტივალები, რომლებსაც სომხეთიდან მოწვეული სტუმრებიც დაესწრებიან“, – განმარტავს რადიკი.
აღნიშნავს, რომ ამ თანამდებობაზე ყოფნა მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან დიდი სურვილი აქვს ჯავახეთშიც განავითაროს ქართული ცეკვა. ეს შესაძლებლობას აძლევს ჯავახეთში მოაწყოს ღონისძიებები, რომლებში მონაწილეობა მასაც დაეხმარება.
რადიკი 8 წელზე მეტია სხვადასხვა ცეკვას ასწავლის. ცეკვა თავად ექვსი წლისამ დაიწყო. ჯერ სოფელში ცეკვავდა, შემდეგ ახალქალაქის კულტურის სახლში ლამარა ქსპოიანთან გადავიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ერევნის თეატრალური ინსტიტუტის საცეკვაო რეჟისურის განყოფილებაში განაგრძო. პარალელურად ცეკვავდა გაგიკ გინოსიანის ეთნოგრაფიული ცეკვის ანსამბლ „კარინში“. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალქალაქში დაბრუნდა და კულტურული ცენტრი გახსნა, სადაც 130-150-მდე მოსწავლე ჰყავს. კუმურდოშიც ასწავლის. სოფელ დილისკასა და გომანშიც ჰყავდა ჯგუფები, მაგრამ პირობების არარსებობის გამო იქ მხოლოდ ზაფხულში ასწავლის.
რადიკის ყველაზე დიდი მიზანია ჯავახეთში ახალგაზრდები და მოხუცები ცეკვით დაკავდნენ და კულტურა შეინარჩუნონ.
„მინდა აქ ყველამ იცოდეს ცეკვა და სხვადასხვა ქვეყანას გააცნოს იგი. კუმურდოს ჯგუფთან ერთად ივლისში ბულგარეთში უნდა გამოვიდეთ. მთავარი მიზანია ჯავახეთის ახალგაზრდებმა იმოგზაურონ და თვალსაწიერი გააფართოონ“, – ამატებს ქორეოგრაფი.
რადიკს მოსწავლეები აძლიერებენ.
„ყველაზე მეტ ძალას ჩემი მოსწავლეების კარგი გამოსვლა მაძლევს, როცა მაყურებელი გამოსვლის შემდეგ მათ აქებს. ეს მმატებს მოტივაციას, ვიმუშაო მეტი და მაყურებელმაც დამაფასოს. ჩემს ცოდნას შვილებს გადავცემ“, – ამბობს რადიკ ეზოიანი.
ხაზს უსვამს, რომ ახალქალაქში საცეკვაო ხელოვნების სფეროში ერთ-ერთი მთავარი სირთულე ბიჭების პასიორობაა. ისინი საერთოდ არ დადიან ცეკვაზე, მოცეკვავეების უმეტესობას გოგონები შეადგენენ.
„არსებობს მოსაზრება, რომ ბიჭებმა ცეკვაზე არ უნდა იარონ. ეს სტერეოტიპი უნდა დაინგრეს. თუ საცეკვაო სფეროში ბევრი ბიჭი გვეყოლება, წარმოდგენები უფრო მდიდრული და ლამაზი იქნება, ”- აღნიშნავს რადიკი.
ცეკვის გაკვეთილებზე თავადაც სწავლობს. სურს თბილისში წასასვლელად დრო გამონახოს, რათა ქართული ცეკვების მიმართულებით ცოდნა და უნარები გაიღრმავოს. მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ხალხს მოსწონდეს ის, რასაც აკეთებენ – მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა ყველაფერი.