ედიკ ქამალიანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანიდანაა, მან დაწყებითი განათლება სოფლის რუსულ სკოლაში მიიღო, ახლა კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. ედიკი განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა და ბოლო სემესტრში დაგროვილი ქულების მიხედვით თავის განყოფილების ათეულშია. ის ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, ვინც ამტკიცებს, რომ წარმატებისთვის მნიშვნელოვანია შრომა და არა ეროვნება.
მაშინ, როცა რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების უმეტესობას ქართულ ენასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, ედიკისთვის სირთულეს სომხურად წერა-კითხვის არ ცოდნა წარმოადგენს, რადგან სომხური ენის სწავლა სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. თუმცა ზოგადი უნარების გამოცდა სომხურად ჩააბარა და სახელმწიფოსგან 100 პროცენტიან დაფინანსება მიიღო. სკოლის წლებში ედიკი აქტიურად მონაწილეობდა რიგ პროგრამებში, კონფერენციებში, ქართული ენაში ცოდნის გასაღრმავებლად ყველაზე უმნიშვნელო შესაძლებლობებსაც იყენებდა.
„მოსამზადებელი წლის მეორე კურსზე მომავალი პროფესიის არჩევაზე ვფიქრობდი და უნივერსიტეტების გვერდები შევისწავლე, რათა გამეგო, რომელი მათგანი ერგებოდა ჩემს უპირატესობებს და პოლიტიკურ მეცნიერებებათა ფაკულტეტი ავირჩიე. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა პოლიტიკური მოვლენები; როცა ტელევიზიით რაიმე პოლიტიკური გამოსვლა ან დისკუსია იყო, ყურადღებით ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჩემი პროფესია. ოჯახის მხარდაჭერაც დიდი იყო, ყოველთვის მირჩევდნენ, ის პროფესია ამერჩია, რომელსაც გული მკარნახობდა“.
Jnews-ის კითხვაზე, სად ხედავს მომავალში საკუთარ თავს, ედიკი სიცილით გვპასუხობს, რომ, როცა გებულობენ, რა პროფესია აირჩია, ეკითხება, აპირებს თუ არა დეპუტატობას. აღნიშნავს, რომ მიღებული ცოდნით შეძლებს სხვადასხვა ადგილას, საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმდეს.
გასულ შემოდგომის სემესტრში ედიკის საშუალო ქულა 100 ქულიდან 99,8 იყო, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც სხვადასხვა განყოფილებას მოიცავს, ედიკ ქამალიანმა ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა.
„მიუხედავად იმისა, რომ მეცადინეობებზე ბევრ დროს ვატარებ, სია რომ ვნახე, მაინც მოულოდნელი იყო, მით უმეტეს, რომ ათეულში ერთადერთი სომეხი სტუდენტი ვარ. ეს ჩემთვის უაღრესად დიდი მოტივაცია იყო, რაც მაიძულებს იგივე ენთუზიაზმით გავაგრძელო ყოველივე. ყოველთვის კონკურენციაში ვარ, სხვებს კი არა, საკუთარ თავს ვეჯიბრები, ვცდილობ გავაუმჯობესო და დღეს გუშინდელზე უკეთ ვისწავლო.”
ედიკი თავისი და სომხებით მჭიდროდ დასახლებული სხვა რეგიონების შედარებისას აღნიშნავს, რომ ქართველებთან და აზერბაიჯანელებთან ცხოვრების მიუხედავად, მნიშვნელოვან განსხვავებას მაინც ვერ ხედავს.
იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მომავალი პროფესიის არჩევას გეგმავენ, ედიკი ურჩევს, პირველ რიგში, საკუთარი შესაძლებლობები შეაფასონ და შემდეგ შეეცადონ გაიგონ, რომელი სფეროა ყველაზე მეტად საინტერესო, რომელ საქმეში ხედავენ საკუთარ თავს. ხოლო მათ, ვინც უკვე გააკეთეს არჩევანი, მოუწოდებს, სირთულეების მიუხედავად არასოდეს დანებდნენ, სასურველი შედეგის მიღებამდე იმუშაონ.