რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები იკრძალება და სავიზო რეჟიმი უქმდება. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში უვიზოდ 90 დღემდე შეძლებენ ყოფნას. ვიზა მხოლოდ იმ შემთხვევაში დასჭირდებათ, თუ რუსეთში 90 დღეზე მეტხანს დარჩებიან და სამუშაოდ წავლენ.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, რა გავლენას მოახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე – ამ საკითხებზე JNEWS-ს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი ესაუბრა.
რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოსთვის რუსეთთან უვიზო რეჟიმი?
– ეს შეიძლება რამდენიმე რამეს ნიშნავდეს: თუ თავად ამ მოვლენას შევაფასებთ, მაშინ ვიზის არსებობა ოდესღაც ნეგატიური სანქცია იყო საქართველოს მიმართ. ეს შევარდნაძის დროს მოხდა და სააკაშვილის მმართველობას არ უკავშირდება. მაშინ რუსეთმა გამოაცხადა, რომ ტერორისტები რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენი მხრიდან შედიოდნენ და ამიტომ შემოიღო სავიზო რეჟიმი.
ახლა არაერთმა რუსმა პოლიტოლოგმა გამოთქვა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც სავიზო რეჟიმის გაუქმებისგან თავს იკავებს. როგორც ხედავთ, რუსეთის პოლიტიკური უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, აქაური პრორუსული ძალები ბუნებრივია შეეცდებიან რუსეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ქართულ საზოგადოებაში რუსეთის პოზიტიური იმიჯის გასაძლიერებლად გამოიყენონ.
შეიძლება თუ არა ამ მოვლენის დადებითად შეფასება?
– ეს რომ იყოს რომელიმე სხვა სახელმწიფოსთან, რომელთანაც საქართველოს ნორმალური ურთიერთობა აქვს, ბუნებრივია, ეს დადებით გადაწყვეტილებად ჩაითვლება. მაგრამ ისეთ ქვეყანასთან, როგორიცაა რუსეთი, რომელთანაც არ გვაქვს ნორმალური ურთიერთობა, რადგან საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული, ვფიქრობ, ამას დადებითად ვერ შევაფასებთ. რუსეთი პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენს კონტროლს ცდილობს, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. სახელმწიფომ სწორად უნდა შეაფასოს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს უფრო ადეკვატურად აღიქვამს რუსეთის მოძრაობებს, რასაც, სამწუხაროდ, ხელისუფლებაზე ვერ ვიტყვი.
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენას საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე?
– არ ვფიქრობ, რომ ეს მოვლენის ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე პირდაპირ გავლენას იქონიებს. უკვე გასაგებია, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს; ის კვლავ უკმაყოფილოა იმით, რაც ქვეყანაში 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ხდება.
რატომ მიიღო რუსეთმა ახლა ასეთი გადაწყვეტილება?
– მიჭირს გიპასუხოთ, რატომ ახლა? ვფიქრობ, როცა რუსეთი რომელიმე ქვეყანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, ეს გადაწყვეტილებები ავტონომიური არ არის, რადგან არც ერთჯერადია და ზოგადი პოლიტიკის კონტექსტში რჩება. ეს გადაწყვეტილებაც, ალბათ, დაკავშირებულია სხვა გადაწყვეტილების შესრულებასთან, როგორიცაა საქართველოსთან სატრანზიტო სატრანსპორტო კავშირების აღდგენა, რადგან ასეთი სატრანზიტო მარშრუტების შექმნა რუსეთს სანქციების ფონზე სჭირდება.
უვიზო რეჟიმით – გაედინება თუ არა საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაკადი რუსეთში?
– თუ კონკრეტულ რეგიონებს ავიღებთ, სადაც ადამიანებს რუსეთთან სოციალურ-ეკონომიკური კავშირები აქვთ, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთი, მაშინ ამ ტერიტორიიდან ხალხის ნაკადი გაიზრდება. რაოდენობა რამდენად სერიოზული იქნება, ვერ ვიტყვი, მაგრამ ინტენსიური ნაკადი დაფიქსირდება. თუ ავიღებთ საქართველოს მთელ მოსახლეობას, არ მგონია, რომ სურათი მკვეთრად შეიცვალოს.
დავაზუსტებთ, რომ: