EastFruit-ის მონაცემებით, წელს საქართველოში ახალი ხილის, ბოსტნეულის, თხილისა და ჩირის იმპორტი პანდემიურ 2020 წელსაც კი ჩამორჩება.

პირველი შვიდი თვის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ 35 მლნ დოლარის ახალი ხილის, ბოსტნეულის, თხილისა და ჩირის იმპორტი განხორციელდა. ეს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, 19%-ით ნაკლებია. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 29%-ს შეადგენდა.

„გაცვლითი კურსის მოლოდინი მთავარ როლს ასრულებს. ქართული ვალუტის გაუფასურების მოლოდინის შემთხვევაში, იმპორტიორები უფრო ფრთხილობენ, რადგან შემოსავალს ლარში იღებენ, ხარჯებს კი დოლარში იხდიან. ქართული ვალუტის სწრაფმა გაუფასურებამ შესაძლოა, იმპორტი წამგებიანი გახადოს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ იმპორტირებულ ზოგიერთ ხილზე, ბოსტნეულსა და კაკალზე ფასები მცირდება, მაგრამ ეს მთლიანი იმპორტის გაზრდისთვის საკმარისი არ არის,“ – წერს EastFruit.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, ფულადი თვალსაზრისით, საქართველოში იმპორტირებული ძირითადი პროდუქტებია ბანანი, ხახვი, პომიდორი, ვაშლი, ფორთოხალი, კიტრი და კარტოფილი. პირველი სამი პროდუქტი ხილის, ბოსტნეულისა და თხილის იმპორტის მთლიანი ღირებულების ნახევარზე მეტს შეადგენს. ბოლო 5 წლის ფასებთან შედარებით, ამ პროდუქტების საიმპორტო ფასები დოლარში, საშუალოდ, 21%-ით შემცირდა. თუმცა ფასები ლარში არ შეცვლილა. ამავე 5-წლიან პერიოდში იმპორტი, საშუალოდ, 15%-ით, ხოლო იმპორტის ღირებულება 33%-ით შემცირდა.

„ვალუტის გაუფასურებასთან ერთად, საქართველოს იმპორტისთვის საკმაოდ ძლიერი შემაკავებელი ეფექტი მაღალი ინფლაციის მაჩვენებლებსაც აქვს. ვინაიდან ყველანაირ საქონელსა და მომსახურებაზე საშუალო ფასი სწრაფად იზრდება, ქართველ მომხმარებლებს ნაკლები თანხა რჩებათ იმპორტირებულ ხილზე, ბოსტნეულსა და თხილზე დასახარჯად. ეს კიდევ უფრო ამცირებს გარე მოთხოვნას, რაც ცუდი გაცვლითი კურსის დინამიკით ისედაც შემცირებულია,“ – წერს EastFruit.