ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოდან ვენეტიკ ზანდარიანი 2023 წლის კრივში ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩემპიონი გახდა, რაც მისი წლების მიზანი იყო. ვენეტიკის პირველი ოცნება ასრულებულია, ახლა მისი მიზანი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა. მაგრამ ამ გზაზე სირთულეებიც ხვდება.
2023 წლის 25-30 აპრილს ქალაქ გორში გამართული ახალგაზრდებს შორის საქართველოს კრივის ჩემპიონატიდან, ვენეტიკი გამარჯვებული დაბრუნდა.
ამ კონკურსის შემდეგ სამი ნაკრები შეიქმნება. პირველი საწვრთნელი ნაკრები ესპანეთში გაიმართება, თუმცა აქ ფინანსური პრობლემებია, რამაც შესაძლოა ვენეტიკს ჩემპიონატში მონაწილეობაში შეუშალოს ხელი. მწვრთნელის თქმით, ფინანსური მხარდაჭერის გზებს ეძებენ.
„საქმე 4 000-5 000 ევროს ეხება, რომელსაც კრივის ფედერაცია არ აფინანსებს, რადგან განრიგში წარმოდგენილი არ არის. ის შეჯიბრებები, რომლებიც გრაფიკშია წარმოდგენილი, სრულიად უფასოა. თუ კონკურსი განრიგში არ არის შეტანილი, ის უკვე მუნიციპალიტეტებს ეხება და შეძლებისდაგვარად გვეხმარებიან. ფაქტია, რომ ორი ჩემპიონი გვყავს, რაც რთული მისაღწევია”,- ამბობს გმირის პირადი მწვრთნელი არტურ ელიზბარიანი.
ვენეტიკის დღე სკოლით იწყება, მერე სპორტკომპლექსში მიდის. კვირაში 6 დღე 2 საათით ვარჯიშობს, დილით კი დარბის.
6 წელი კარატეში ვარჯიშობდა, მერე მეგობრებმა კრივი შესთავაზეს, მოსინჯა, მოეწონა და უკვე 5 წელია კრივში ასპარეზობს.
2018 წლიდან სპორტკომპლექსში მწვრთნელის არტურ ელიზბარიანის ხელმძღვანელობით დაიწყო ვარჯიში.
„პირველი ბრძოლა ახალციხეში შედგა, სადაც პირველი ადგილი დავიკავე. ამის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ორჯერ მივიღე მონაწილეობა. 2016-2017 წლებში მესამე ადგილი მოვიპოვე, 2017-2018 წლებში – მეორე, წელს კი პირველი“, – ჰყვება ვენეტიკი.
არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, სხვადასხვა ჩემპიონატებში მონაწილეობდა და საპატიო ადგილებს იკავებდა. მონაწილეობა მიიღო ერევნისა და გიუმრიშის საერთაშორისო შეჯიბრებებში და 70 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ახალგაზრდულ კრივში მონაწილეობის მიზანი ნაკრების წევრობა და პირველი ადგილის დაკავება იყო, ვენეტიკმა კი ორივეს მიაღწია.
„არტურ ელიზბარაინის ხელმძღვანელობით 4-5 თვის განმავლობაში ყოველდღე ვვარჯიშობდით და მოვიგე. ჩემი მეტოქეები ძლიერები იყვნენ, ჩემპიონობისთვის ოთხი ბრძოლა გაიმართა“, – ამატებს ჩემპიონი.
ორი წლის წინ ზუგდიდელ გიორგი ბიგვავასთან იბრძოდა, რომელიც 14 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონი იყო. შეხვედრა ჩვენი სპორტსმენის მარცხით დასრულდა, მაგრამ მიზნად დაისახა გიორგის შებრძოლებოდა და დაემარცხებინა. ასეც მოხდა – 2023 წელს დაამარცხა იგი.
ვენეტიკის ნათესაობა შეეგუა იმ ფაქტს, რომ კრივი აირჩია და მთელი ოჯახი გულშემატკივრობს.
სპორტსმენი ამბობს, რომ ძალას ოჯახი, პირადი და მთავარი მწვრთნელი აძლევს.
ვენეტიკის მწვრთნელი სპორტსმენით კმაყოფილია და ამბობს, რომ ძალიან თავმდაბალი და შრომისმოყვარეა. ამის წყალობითაც მიაღწია ყოველივეს.
„საქართველოს ჩემპიონობა პატარა საქმე არ არის, თუმცა მისგან მეტს ვითხოვ. წონით და ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულის მისაღწევად სერიოზული მომზადებაა საჭირო. წარმატებას მივაღწიეთ, რადგან გუნდურად ვმუშაობთ“, – განმარტავს არტურ ელიზბარიანი, ვენეტიკის პირადი მწვრთნელი.
ვენეტიკი მომავალს საქართველოში ხედავს, ახლა მე-10 კლასში სწავლობს და მომავალში სწავლას უნივერსიტეტში გააგრძელებს, თუმცა სპეციალობა არ აურჩევია. კრივთან დაკავშირებით ამბობს, რომ თუ 18 წლამდე დასახულ მიზანს მიაღწევს, გააგრძელებს. იმ ფაქტს, რომ უკვე საქართველოს ნაკრების წევრია და ჩემპიონიც გახდა, მიღწევად თვლის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა და სასურველ შედეგებს მიაღწიოს.
ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.
ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაში ასაკი არ უწყობს ხელს. წინ ჯერ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ელის, რათა სამომავლო ბილეთი აიღოს და მიზანს მიაღწიოს.