ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანში კლუბის შენობა აქვთ, თუმცა სამუშაო პირობები არ არის.
ცუდი გზები, ყველგან ნაგავი, ახალგაზრდების უსაქმურობა, უიმედობა ოდესღაც აყვავებულ კათოლიკურ სოფელ ალასტას ისეთ ადგილად აქცევს, სადაც ხალხი მხოლოდ მიგრაციაზე ფიქრობს. რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიასპორა ამ სოფლიდან შეიქმნა.
ალასტანს საკუთარი საცეკვაო ჯგუფი ჰყავს, რომელიც სოფლის კლუბში ვარჯიშობს. ცეკვის ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, თბილ სეზონზე სომხურ ეროვნულ ცეკვებს 40-მდე ბავშვი და მოზარდი სწავლობს. მოწვევის შემთხვევაში ჯგუფი კონკურსებს არ ტოვებს. თუმცა ზამთარში გათბობის გარეშე ბავშვებთან მუშაობა შეუძლებელია. ცეკვის ჯგუფის ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის, გაგიკ მელიქიანის თქმით, ის ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეში ვერ ჩააგდებს.
ორსართულიანი შენობა კარგ მდგომარეობაშია, მეორე სართულზე სოფლის გამგეობაა, პირველ სართულზე მეტ-ნაკლებად გარემონტებული ოთახია მამაკაცებისთვის, რათა საღამოს დრო გაატარონ, თუმცა ოთახი სიგარეტის სუნით გაჟღენთილა. მოპირდაპირედ ოთახია, სადაც ალასტანის ცეკვის ანსამბლის ჯილდოებია განთავსებული. კიდევ ერთი კარი დარბაზში გადის, სადაც სცენა და მაყურებლისთვის სკამებია, მთელი შენობა მტვრის სქელი ფენის ქვეშაა მოქცეული. სახურავის გამოცვლის შემდეგ უკანა მხარეს განათება დამონტაჟდა. რემონტის მიუხედავად, სახურავი რამდენიმე ადგილას მაინც ჟონავს. სახურავზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს, რადგან იატაკზე უზარმაზარი დამპალი ნახვრეტებია და პირველ სართულზე ჩავარდნის მაღალი რისკია. ავარიული გასასვლელი ნაგვით არის სავსე. მთელი დარბაზში ორპირი ქარია, მიუხედავად იმისა, რომ სოფელს გაზი მიეწოდება, კლუბში გათბობა არ არის.
„გათბობა რომ გვქონდეს, კიდევ ვიცეკვებდით. დარბაზში ჭერი გამოიცვალა, თუმცა რამდენიმე ადგილას უკვე ჟონავს. მხოლოდ კოსმეტიკური რემონტია შესრულებული. ავარიული გასასვლელიც უნდა იყოს, მაგრამ თავად ნახეთ რა მდგომარეობაშია“, – ამბობს გაგიკ მელიქიანი.
ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა Jnews-ს აცნობა, რომ სოფლის აქტუალურ საკითხებს შორის კლუბის მდგომარეობა მოსახლეობასთან არ განხილულა.
„სოფლის მოსახლეობას შევხვდი და კლუბზე არ უსაუბრიათ. განხილულ და პრიორიტეტულ საკითხებზე უკვე ვმუშაობთ“, – განაცხადა მერმა.