საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი უკვე მიიღეს, რომელიც იმ მანქანების მფლობელებს ეხება, რომლებიც სავალდებულო ტექდათვალიერების გარეშე მოძრაობენ. კანონი ჯარიმის ოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. ცვლილებები ძალაში 2023 წლის 3 ივნისიდან შევა.
ამჟამად ტექდათვალიერების გაუვლელობის ჯარიმა 50 ლარია. ჯარიმას ჭკვიანი კამერების მიხედვით წერენ, რომლებიც მსგავს ავტომობილებს აფიქსირებენ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლი შეიცვალა.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტექნიკური ინსპექტირების გარეშე ავტომობილის მართვის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 50 ლარის ჯარიმა, ხოლო იურიდიულ პირს 200 ლარის ჯარიმა ეკისრება.
თუ ჯარიმის დარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში დარღვევა (ანუ მანქანა არ გაივლის ტექნიკურ ინსპექტირებას) კვლავ დაფიქსირდა, ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 150 ლარამდე გაიზრდება, ხოლო იურიდიული პირის 300 ლარამდე.
30 დღის შემდეგ, განმეორებით, მესამე დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 300 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული კი 500 ლარით.
თუ ტექდათვალიერების გავლის ვალდებულება მეოთხედ არ შესრულდება, ფიზიკურ პირს 500 ლარის გადახდა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს ან/და ინდმეწარმეს 700 ლარი.
აღნიშნული ცვლილება 2022 წლის შემოდგომაზე უნდა მიეღოთ, მაგრამ ვადამ 2023 წლის 22 მარტამდე გადაიწია, განცხადება 5 აპრილს გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, ე.ი. 2023 წლის 3 ივნისიდან, შევა.