საქართველოს სომხური სათვისტომოს, საქართველოს სომეხთა სტუდენტური კავშირისა და საქართველოს ახალგაზრდული კავშირის მხარდაჭერით, 18 აპრილს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, „სომხების გენოციდის და კულტურული გენოციდის“ თემაზე გამოფენა გაიმართა.

გამოფენა ამავე ადგილას 5 აპრილსაც გაიმართა და ის გამოფენების სერიის პირველ დღედ ჩაითვალა. თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით, ღონისძიება რიყის პარკში გადაიტანეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ხელმძღვანელის არტურ მირზოიანის თქმით, 5 აპრილს, გამოფენამდე ერთი საათით ადრე, ოფისში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ და გამოფენის ადგილის შეცვლა სთხოვეს, რადგან  სხვა ღონისძიება იყო დაგეგმილი.

„გვითხრეს, რომ დაგეგმილ დღეს პარლამენტის წინ კიდევ ერთი გამოფენა იმართებოდა, მაგრამ არანაირი ღონისძიება არ ყოფილა და გადავწყვიტეთ, რომ მეორე დღეს მერიაში წერილი გაგვეგზავნა, რათა მოგვეწოდებინა, წინასწარ ეცნობებინათ არსებული დაბრკოლებების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოფენა პარლამენტის წინ გამართულიყო. ორგანიზაცია წლებია პარლამენტს სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით მიმართავს“.

მისივე თქმით, 18 აპრილს პარლამენტის შენობის წინ არანაირი დაბრკოლება არ შექმნილა.

არტური დარწმუნებულია, რომ თბილისში მცხოვრები სომხების ერთიანობა მსოფლიოში გენოციდების აღმოფხვრაში თავის წვლილს შეიტანს. ის ყველას მოუწოდებს, არ დანებდნენ და იბრძოლონ, შეუერთდნენ მსვლელობას, რომელიც 23 აპრილს გაიმართება.

cucahandes 1

ზემოაღნიშნული გამოფენისას წარმოდგენილი იყო ფოტოები და მათი აღწერილობები, წიგნები, საარქივო ფოტოები. დამსწრეებს საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგეს. გამვლელები ყოველივემ დააინტერესა, ათვალიერებდნენ ფოტოებს და ეცნობოდნენ წარწერებს.

cucahandes 3

cucahandes 2

რაფის ახალგაზრდული და სტუდენტური კავშირის თავმჯდომარემ, ვრეჟ ჰარუთუნიანმა, რომელიც გამოფენის ორგანიზატორია, Jnews-სთან განმარტა, რომ აქციების მიზანი საზოგადოების ინფორმირებაა.

cucahandes 4

„მომავალში გამოფენის გამართვას ავლაბარში, წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვგეგმავთ, რაზეც ინფორმაციას შემდეგ უფრო დეტალურად მოგაწვდით. 23 აპრილს, როგორც ყოველ წელს, მეტროსადგურ „ისნიდან“ სურბ ეჩმიაძინის ეკლესიამდე ჩირაღდნებიანი მსვლელობაა დაგეგმილი, 24 აპრილს კი ფილარმონიასთან შევიკრიბებით, რათა მსვლელობა თურქეთის საელჩოსკენ გავაგრძელოთ“.

ვრეჟის თქმით, სანამ თურქეთი სომეხთა გენოციდს არ აღიარებს, სომხები უნდა გაერთიანდნენ და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღონ, რათა ამ თემაზე საქართველოში მუდმივად საუბრობდნენ.