აზავრეთი ახალქალაქიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარე მთიანი სოფელია, რომელიც ბუნებრივი აირითა და სასმელი წყალით უზრუნველყოფილია. თუმცა სოფლის მოსახლეობას შიდა გზის პრობლემა აწუხებს, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია. სარწყავი წყლის ნაკლებობაც შეინიშნება.
სოფელ აზავრეთში 360-მდე მეურნეობაა. მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობით არის დაკავებული, რადგან საკმარისი მიწის ფართობი არ აქვს. ხოლო მოსახლეობის მიერ დამუშავებული მინდვრების მცირე რაოდენობაც კი ძნელად ირწყვება.
„უზარმაზარი ხელოვნური წყალსაცავი გვაქვს, მაგრამ ჟონავს, წყალი წყალსაცავის ქვეშ მიედინება. მხოლოდ მცირედით სჭირდება ხელის შევლება, რათა მდგომარეობა გამოვასწოროთ. პატარა აუზი ერთმა ქველმოქმედმა ააშენა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან სოფელი დიდია“, – ამბობს სამველ სეროფიანი.
სოფელ აზავრეთის აუზი
სოფლის კიდევ ერთი პრობლემა გზებია: აზავრეთის, ბურნაშეთისა და ლომათურცხისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციას 1 235 975 ლარი სჭირდება, გზის სიგრძე 1 990 მეტრია. 2022 წელს სოფელ ბურნაშეთის სკოლამდე გზის 1 100 მ მოასფალტდა, სამუშაოების ღირებულებამ 577 034 ლარი შეადგინა. ასფალტი კომპანია „არალიმ“ დაასხა. სოფელ ბურნაშეთის სკოლიდან აზავრეთამდე მონაკვეთი კი ხელუხლებელია.
წყვეტილი ასფალტი ლომატურცხი – ბურნაშეთის გზაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მელქონ მაკარიანის განცხადებით, სოფელ ბურნაშეთის სკოლიდან აზავრეთამდე გზის მოასფალტება წელს არ იგეგმება.
„პროექტი მხოლოდ იმ ტერიტორიას ითვალისწინება, სადაც ასფალტი დაესხა და ცოტა უფრო მეტიც გავაკეთეთ. ახალი პროექტი, ტენდერი გვჭირდება, რომ ამ მონაკვეთზე ვიმუშაოთ. მდგომარეობის გამოსწორება გვინდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ შორეული სოფელია. ვცდილობთ ყველა სოფელში დაახლოებით ერთნაირი პირობები იყოს. მაგალითად, სოფელ აზავრეთამდე 2-3 კმ ცუდი გზაა, ხოლო ხავეთში, სამსარში, კოკიაში, ოლავერდში და მსგავს სოფლებში 10-13 კმ გზა დარჩა ასფალტის გარეშე“, – განმარტავს იგი.
სეროფიან სამველი აღნიშნავს, რომ სოფელი ფართობის მიხედვით მესამეა მუნიციპალიტეტში, მაგრამ მის შესასვლელში საგზაო ნიშანიც კი არ არის. მოსახლეობა იძულებული გახდა სოფლის სახელი დიდ ცისტერნაზე დაეწერა.
აბრების უქონლობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბევრი სოფლისთვის აქტუალური პრობლემაა.
„არამარტო აზავრეთს, ბევრ სოფელს არ აქვს აბრები სხვადასხვა მიზეზის გამო. გეგმას ვამუშავებთ და სოფლის სპეციალისტებთან ვთანამშრომლობთ, რათა ინფორმაცია შევაგროვოთ, რომელ სოფელს სჭირდება ნიშნები, რადგან ნამდვილად შეურაცხმყოფელია, როცა ზოგ სოფელს აქვს აბრა, ზოგს კი არა“, – განაცხადა მელქონ მაკარიანმა.
მისივე თქმით, აბრების დამონტაჟებას მიმდინარე წელს გეგმავენ.