მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, საღმრთო ლიტურგიას მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ჩაატარებს. საზეიმო წირვა 10:00 საათზე დაიწყება.
სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა მოციქული პირველად დიდაჭარაში შემოვიდა.
წმინდა სინოდმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. 2019 წელს, მთავრობის მიმართვის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღედ დაწესდა.
ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ ზეიმობს – 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის, ხოლო 13 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეს.