გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 მარტის ღამის საათებში – შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი; ზღვაზე შესაძლებელია, აღინიშნოს 4-5-ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში – ქარბუქი.

30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტისა და პირველი აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია, უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს. 30 მარტიდან პირველ აპრილამდე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, მაღალ მთაში – თოვლის სახით; ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია, შენობების სახურავების, ელექტროგადმცემი ხაზების, ხეებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს. ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.