21 მარტს ახალქალაქში ყარაბაღელი სომხების მხარდამჭერი მსვლელობა “ზორი ზორიანის” ახალგაზრდული კავშირისა და ახალგაზრდული კავშირის “ჯავახკ”-ის წევრებმა გამართეს. „ზორი ზორიანის“ წევრებმა ჯავახეთიდან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს სამველ მანუკიანს წერილიც გაუგზავნეს.
ახალქალაქში მსვლელობის მონაწილეებს თან სომხეთისა და საქართველოს დროშები და ქართულ-სომხური ბანერები ჰქონდათ – „გახსენით არცახის სიცოცხლის გზა“, „არცახ, ჩვენ შენთან ვართ“, „არცახი 100 დღეა ბლოკადაშია“, „ არცახის ბლოკადა გენოციდამდე მივა“. ახალგაზრდული ცენტრიდა მერიისკენ დაიძრნენ, შემდეგ კი სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში შეიკრიბნენ.
ახალგაზრდული გაერთიანება „ზორი ზორიანის“ სახელით ახალგაზრდებმა საქართველოს პარლამენტის სომეხ დეპუტატს სამველ მანუკიანს წერილი გაუგზავნეს, სადაც შემდეგი ეწერა:
„არცახში ჰუმანიტარული კატასტროფაა. დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში, როცა ზესახელმწიფოები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არეგულირებენ პოლიტიკურ ამინდს, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება დააიგნორეს.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი მთლიანად უგულებელყოფს ამ გადაწყვეტილებას და ზესახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები უარს ამბობენ აზერბაიჯანის ქმედებებს წინ აღუდგნენ.
ბატონო მანუკიან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვთ, გთხოვთ, ზემოაღნიშნული საკითხი ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მთავრობასთან განიხილოთ და ჰუმანიტარული კატასტროფა შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოთ, რათა ივნისის მოვლენები არ განმეორდეს. გვახსოვს, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით როგორ გაათავისუფლეს ბაქოს ციხეებიდან 15 სომეხი სამხედრო ტყვე.”
აქციის მონაწილეებმა ყარაბაღელი სომხების მხარდასაჭერად სურბ ხაჩ ახალქალაქის ეკლესიის ეზოში სკანდირებით – “არცახი არასოდეს შევა აზერბაიჯანის შემადგენლობაში!” – გამოვიდნენ.
„როგორც სომხები, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ ყველაფერში მონაწილეობა მივიღოთ, მხარი დავუჭიროთ არცახსა და არცახელ სომხებს. პარლამენტის წევრს წერილი გავუგზავნეთ, რათა ჩვენი სიტყვა საქართველოს ხელისუფლებამდე მივიდეს. მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა იცოდეს, რომ საქართველოში არიან სომხები, რომლებიც მის ქმედებებს არ ეთანხმებიან. არცახი უნდა გაიხსნას, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. მომავალ ნაბიჯებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება და 120 000 სომეხი, რომელიც 100 დღეა არცახში, ბლოკადაში ცხოვრობს, გარე სამყაროს დაუბრუნდება“, – აცხადებს კავშირის „ზორი ზორიან“-ის პასუხისმგებელი პირი ჩაუშ სამველიანი JNEWS-თან საუბარში.
აქციის დასასრულს მონაწილეებმა ყოვლისშემძლე ლოცვა აღავლინეს და სურბ ხაჩის ეკლესიაში მღვდელ თადეოს ტერ-მკრტჩიანის წინამძღოლობით სანთლები დაანთეს.
ბოლო პერიოდში 100 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ბლოკადაში მყოფი სომხების მხარდასაჭერად მსგავსი შეკრებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. 12 დეკემბერს ეკოლოგიური მიზეზებით სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა აზერბაიჯანელთა ჯგუფმა სტეფანაკერტი-გორისის საავტომობილო გზა, შუში-ქარინ ტაქის გზაჯვარედინი გადაკეტა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. 13 დეკემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღს გაზმომარაგება შეუწყვიტა, რომლის მიწოდებაც 16 დეკემბერს აღდგა, მაგრამ გაზი რეგულარულად ირთვება და ითიშება. ყარაბაღში 10 იანვრიდან ქაროსებრი გამორთვა მიმდინარეობს, ხოლო გორის-სტეფანაკერტის ერთადერთი მაღალი ძაბვის ხაზის 33-ე კმ-ზე მომხდარი შემთხვევის ლიკვიდირება ვერ ხერხდება. ძირითადი პროდუქტები კი ტალონებით იყიდება.