ახალქალაქში საცხოვრებლად ინტერნაციონალური, ქართველისა და სლოვაკის წყვილი გადმოვიდა. როგორ მიიზიდა წყვილი პატარა, პროვინციულმა ქალაქმა, რამ დააინტერესა და გააკვირვა ისინი აქ? – ამა და სხვა თემებზე ისაუბრებს Jnews-ი მომზადებულ მასალაში.
მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქი პოპულარულ ქალაქად არ ითვლება, საცხოვრებლად ჩამოსულებს მაინც შეამჩნევთ. ქალაქი იმდენად პატარაა, რომ „ახალი“ ადამიანები რამდენიმე საათში ხდებიან ცნობილნი. ტომაში და თამთა ახალქალაქში ერთი თვით ჩამოვიდნენ. ტომაში სლოვაკი, კავკასიის სპეციალისტია, თამთა კი თბილისელი ფოტოგრაფი.
ტომაშ ბარანეც საქართველოში ჯავახიშვილის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ჩამოვიდა და თამთას შეხვდა. თუმცა სწავლის დასასრულებლად ჩეხეთში გაემგზავრა.
“უკან თამთას გამო დავბრუნდი და მოხალისედ ჩამოვედი. გორში ვმუშაობდი. შემდეგ თამთა სლოვაკეთში წავიყვანე, თუმცა სხვა ქალაქში ცხოვრობდა. დავქორწინდით და თამთა ბრატისლავაში გადავიდა. რამდენიმე წელი სლოვაკეთში ვცხოვრობდით. წლების განმავლობაში ფოტო-ტექნიკისთვის ფულს ვაგროვებდით, რასაც სამი წელი დასჭირდა. როცა ვაჟი შეგვეძინა, პანდემია დაიწყო და სლოვაკეთში დავრჩით. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ სანამ ჩვენი შვილი ჯერ კიდევ პატარა იყო და სკოლაში არ დადიოდა, შეგვეძლო საქართველოში გვეცხოვრა, რათა ენა ესწავლა, ჩვენ კი დავსაქმდებოდით“, – ჰყვება ტომაშ ბარანეცი.
წყვილი საქართველოში ბინებს დროებით ქირაობდა, თუმცა, მათივე თქმით, ეს საკითხი ყოველთვის პრობლემური იყო. ყველაფერი რუსეთიდან და უკრაინიდან დევნილების დიდი რაოდენობით ჩამოსვლის შედეგად გართულდა.
„ომის დაწყებამდე ჩამოვედით, როცა ბინის ქირის ფასი გაცილებით დაბალი იყო. მაგრამ არასდროს გვიმართლებდა და საცხოვრებელში თაგვები და ტარაკნები დარბოდნენ. მერე გორში გადავედით, ბინა იდეალური იყო, მაგრამ თვენახევრის წინ გვითხრეს, რომ ბინის გაყიდვა სურდათ და უნდა დაგვეცალა. გადავწყვიტეთ სხვა რეგიონში გადავსულიყავით. თავიდან კახეთსა და სამეგრელოზე ვფიქრობდით, რამდენიმე ვარიანტი შევარჩიეთ, მათ შორის ახალქალაქიც. ყველა ამ რეგიონს სჭირდება მცხოვრები. მაგრამ ბინა მხოლოდ ახალქალაქში ვიპოვეთ, ამიტომ ჯავახეთში ჩამოსვლა გადავწყვიტეთ, – ამბობს თამთა, – გვეკითხებოდნე: სად მიდიხართ? რატომ მიდიხართ? ადგილიც ზოგჯერ გაშინებს კიდეც. თბილისში დავიბადე, მაგრამ როცა ტყიბულში ჩავედი, სიმართლე გითხრათ არ ვიცოდი, რომ ზოგიერთ რაიონში სასმელი წყალიც კი არ არის და წყალი გრაფიკის მიხედვით მიეწოდებათ. რეგიონების პრობლემებს არ ვიცნობდი.“
წყვილი ახალქალაქში ახლახან ჩამოვიდა, მაგრამ მაწანწალა ძაღლების პრობლემა უკვე შეექმნა.
„პანკისში რაც მომწონს ის არის, რომ მაწანწალა ძაღლები არ არიან, შეგიძლიათ მშვიდად იაროთ, ყველაფერი ნახოთ, მაგრამ ახალქალაქში, თბილისსა და გორში გეშინია, არ გიკბინონ. ისინი (ქისტები), როგორც მუსლიმები მხოლოდ ნაგაზებს უვლიან და უსახლკარო ძაღლები არ ჰყავთ. მათ აბამენ და დასახლებულ პუნქტებშიც არ დარბიან, ჩემთვის ეს ძალიან დიდი კომფორტია. გუშინ ვსეირნობდით და უცებ ძაღლმა ყეფა დაიწყო“, – იხსენებს თამთა.
ტომაშის და თამთას ჩამოსვლაც სტერეოტიპების დამსხვრევას ნიშნავდა.
„როცა ჩემმა მეგობრებმა გაიგეს, რომ აქ ჩამოსვლა (ახალქალაქი) გადავწყვიტეთ, როგორც პანკისში გამგზავრებისას, გვეუბნებოდნენ, რომ არ უნდა წავსულიყავით, იქ საშიში იყო. საპირისპირო უნდა დავუმტკიცოთ. 90-იანები აღარ არის, ყველაფერი გაშინებდეს. აქ ხალხი ხელკეტებით არ დადის. პირველად ვარ აქ და, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს. (…) მეგონა ჯავახეთი ტურისტული ზონა არ იყო. ჩემთვის, კავკასიოლოგისთვის, და მეუღლისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, ბევრი საკვლევი, საჩვენებელი ობიექტია აქ. ამან დაგვაინტერესა. აქ ჩვენი საქმის გაკეთებას შევძლებთ“, – განმარტავს ტომაშ ბარანეცი.
თამთას პირველი შთაბეჭდილება ახალქალაქზე დადებითია. ის რეგიონს სხვანაირად ხედავს, რადგან განსხვავებული ხალხითა და ბუნებით გამოირჩევა. თომაში კი რეგიონს მეტ-ნაკლებად იცნობს.
„ჩემი გაოცება ძნელია, რადგან უკვე 12 წელია აქ ჩამოვდივარ. ნინოწმინდაში 10 წლის წინ ვიყავი. იმ უცხოელზე, რომელიც საქართველოში ბევრს მოგზაურობს, დიდი შთაბეჭდილება ბუნებამ მოახდინა, რადგან სომხეთის გარემოს ჰგავს, თუმცა მის ხასიათს, ესთეტიკას ხალხი აყალიბებს. წვრილმანები, რომლებსაც მაშინვე ვერ ვამჩნევთ, ქვეცნობიერში გველექება. ეს არის ქართული სომხეთი. რატომ გვაინტერესებს საზღვრისპირა რეგიონები და რატომ ვართ მათზე ორიენტირებული? ის ადგილები უნდა გვაინტერესებდეს, სადაც კულტურები ერთიანდება და გეოგრაფიული საზღვრები არ უნდა გვადარდებდეს“, – ამბობს ტომაში.