ახალქალაქის სკოლას სხვადასხვა სპეციალისტი აკლია. ახალგაზრდები ფიზიკით, მათემატიკითა თუ ქიმიით ყოველწლიურად უფრო ნაკლებად ინტერესდებიან. ჩივიან, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ვერ საქმდებიან. შეისწავლეს თუ არა ახალგაზრდებმა სკოლებში საჭირო სპეციალობები და რას რჩევას იძლევიან დირექტორები?
„teacherjobs.ge“ გვერდის შესწავლისას, რომელიც სკოლებში მასწავლებლების ვაკანსიებს ეხება, Jnews-მა შენიშნა, რომ ახალქალაქის სკოლებში ძირითადად ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, ხელოვნებისა და მუსიკის სპეციალისტები სჭირდებათ. ფაქტი გამოკითხვაში მონაწილე სკოლის დირექტორებმაც დაადასტურეს.
ზაქის საჯარო სკოლის დირექტორის ვარდუჰი მკრტჩიანის თქმით, ახლა მათ ფიზიკის, მათემატიკისა და ქიმიის სპეციალისტები ესაჭიროებათ. ხელოვნებას და მუსიკას კი სხვა პროფესიის მასწავლებლები ასწავლიან.
„ჩვენი სკოლის ბევრი კურსდამთავრებული უმაღლეს განათლებას თბილისში, ერევანში იღებს, წელს ერთი მათგანი რუსეთშიც წავიდა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც განსხვავებული პროფესია აირჩიეს და ვფიქრობ, მათ მომავალში მასწავლებლად ვიხილავთ. ამ პროფესიის არჩევა რთულია, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. ახალგაზრდებს ყოველთვის ვურჩევ, რომ პატივი სცენ ამ სფეროს და ისე მიიღონ გადაწყვეტილება“, – განმარტა ქალბატონმა ვარდუჰმა ინტერვიუში.
ბარალეთის №1საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიანი ამბობს, რომ მათ სკოლაში არც სპეციალისტები სჭირდებათ და არც თავისუფალი საათები აქვთ. კურსდამთავრებულები ბევრ მსგავს სპეციალობას ირჩევენ: ინგლისური, სამართალი, მათემატიკა, მედიცინა და სხვ. ვინც მასწავლებელი ხდება, ბრუნდება, თუ მშობლიური სოფლის სკოლაში ვერ საქმდება, შემდეგ მიდის სხვა სკოლაში სამუშაოდ.
„მასწავლებლად უნდა დაიბადო, შინაგანად უნდა იყო მასწავლებელი. 100-ჯერაც რომ დავიბადო, მაინც ამ პროფესიას ავირჩევ. მოსწავლეებს ყოველთვის ვურჩევ, პროფესიონალები გახდნენ და თავი თავიანთი საქმეს მიუძღვნან. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მასწავლებლის ან სხვა პროფესიის არჩევას ერიდებიან, შემდეგს ვეტყოდი: თუ გრძნობთ, რომ ეს თქვენთვისაა, მაშინ აირჩიეთ, ხოლო თუ აპირებთ იგი ფულის შოვნის საშუალებად გამოიყენოთ, მაშინ არ ღირს. ადრე ბევრს უნდოდა მასწავლებლობა, მაგრამ ახლა ვამჩნევ, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად სხვა სფეროებისკენ მიისწრაფიან“, – ამატებს იგი.
ფიზიკა, ქიმია, რუსული და ინგლისური ის საგნებია, რომელზეც ოკამის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ჰოვანეს მღდესიანი ყურადღებას ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა მოთხოვნად პროფესიებს ყურადღება მიაქციონ და განათლების მიღების შემდეგ თავიანთ სოფლებს დაუბრუნდნენ, მის განვითარებას და გაძლიერებას შეეცადონ.
ოლავერდის საჯარო სკოლის დირექტორი გარნუკ ტაშჩიანი აღნიშნავს, რომ სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სპეციალისტები სჭირდებათ.
„ხელოვნების საგანსაც გამოვყოფ, რომელსაც ბევრი მეორეხარისხოვნად მიიჩნევს, თუმცა თითქმის არცერთ სკოლას არ ჰყავს შესაბამისი სპეციალისტი, ბევრი საგნის მასწავლებელი თავადაც არ არის სპეციალისტი, მაგრამ ასწავლის, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ. ჩვენს კურსდამთავრებულებს შორის არიან ახალგაზრდები, რომლებმაც მასწავლებლის პროფესია აირჩიეს, მაგრამ დაბრუნდებიან თუ არა, ვერ გეტყვით. ეს მათ არჩევანსა და სამომავლო გეგმებზეა დამოკიდებული“, – ამბობს ტაშჩიანი.
სოფელ კარცეფის 9-წლიან სკოლაში 80%-ით სპეციალისტების უკმარისობაა. ამის შესახებ სკოლის დირექტორი მალხაზ მანასიანი შემდეგს ამბობს:
„ჩვენს სკოლას მასწავლებლები სოფელ ოკამიდანაც ჰყავს. რადგან იგი საბაზისოა, მოსწავლეები ან ოკამში, ან ახალქალაქში დადიან. ვინც უმაღლეს განათლებას იღებს და სპეციალისტი ხდება, როგორც წესი, არ ბრუნდება. გასაგებია, რომ ეს შორეული სოფელია და აქ რთული პირობებია, ახალგაზრდები კი სხვა სამუშაოს პოვნას ცდილობენ, რათა აღარ დაბრუნდნენ. ჩემი რჩევა იქნება, მასწავლებლის პროფესია აირჩიონ, რადგან ყველაფერი სკოლიდან იწყება და დეფიციტურ საგნებს ყურადღება სჭირდება“.