Jnews-ი ახალქალაქის ახალგაზრდებს შორის მოთხოვნადი და პრიორიტეტული პროფესიების შესახებ ატარებს კვლევას. ამჯერად ბიზნესის მენეჯმენტსა და ეკონომიკას შევეხებით, გაგაცნობთ არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ამ დარგის სპეციალისტების აზრსაც.
სურენ მურადიანი ახალქალაქში ბიზნესით არის დაკავებული. სკოლის დამთავრების შემდეგ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომისტის პროფესია აირჩია. იხსენებს, რომ ბანკებისა და მერიისგან შემოთავაზებებს სტუდენტობიდანვე იღებდა, მაგრამ არ დათანხმდა და მუშაობა მხოლოდ ბოლო კურსზე, სასოფლო-სამეურნეო სადაზღვევო კომპანიაში დაიწყო, სადაც სამუშაო გრაფიკის შესაბამისად შეცვალა.
„ახლახან სილამაზის სალონი გავხსენით და აღჭურვილობაზე ვკონცენტრირდით, ჩამოვიტანეთ ეპილაციის, წონის დაკლებისა და გაახალგაზრდავების აპარატურა, რომელიც ახალქალაქში აქამდე არ ჰქონდათ. ძირითადად ბიზნეს იდეის პოპულარიზაციას ვცდილობდით. იგივე ითქმის ორსული და მეძუძური დედებისთვის ახლახან გახსნილ მაღაზიაზეც“, – განმარტავს სურენი, რომელმაც პატარა ასაკის მიუხედავად, არაერთი პროექტის განხორციელება მოახერხა.
სურენი ახალგაზრდებს ურჩევს სწავლის პერიოდში ეცადონ იმოქმედონ. განსაკუთრებით მათ, ვინც ბიზნესის-სფეროს სწავლობს და ახალქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა. მისი თქმით, დიდი ბიზნესით დაწყება აუცილებელი არ არის, მცირე ნაბიჯებით უნდა განვითარდეთ.
„არ ვეთანხმები, რომ ახალქალაქში კარგი იდეების განხორციელება შეუძლებელია. პირიქით, ვფიქრობ, რომ ბევრი ხარვეზი უნდა გამოსწორდეს და ახალგაზრდებმა უნდა გააკეთონ ეს, ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ, იქნება ეს გრანტი თუ რაიმე სახის ბიზნეს წინადადება. ახალგაზრდების განათლება და სახელმწიფო ენის ფლობა მნიშვნელოვანია, რათა უფრო აქტიურები ვიყოთ და ყველა შესაძლო გრანტში მივიღოთ მონაწილეობა, ბიზნეს იდეების განხორციელების გზაზე სირთულეები თავიდან ავიცილოთ“, – ამატებს სურენ მურადიანი.
ერთ-ერთი ახალქალაქელი ბიზნეს ექსპერტი ჰოვიკ მურადიანი ამბობს, რომ ამ სფეროში ბევრი ხარვეზია, მაგრამ ახალგაზრდები თუ ისწავლიან და ამ მიმართულებით იმუშავებენ, იგი არამარტო მომგებიანი გახდება, არამედ რეგიონის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ასეთი დარგებია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება, მანქანების შეკეთება, თევზის მოშენება, ტურისტულ ადგილებში საინტერესო იდეების სრულყოფა.
„ჩემი რჩევაა ახალგაზრდებს მისწრაფებები და ინტერესები ჰქონდეთ, დროის დაკარგვის ნაცვლად, საინტერესო იდეებზე იფიქრონ, პროფესიონალები გახდნენ, საკუთარი თავი და რაიონი განავითარონ. ახალქალაქში, ბიზნესის სფეროში კარგი ეკონომისტები და კრეატიული კადრები სჭირდებათ. ჩვენმა სტუდენტებმა თავიანთი ძალისხმევის კონცენტრირება უნდა შეძლონ“, – ამბობს იგი.