ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალქალაქელებთან ერთად სასაფლაოს პირობითი საზღვარი გათხრილი არხის სახით ბორცვის ვერტიკალურ გასწვრივ, ბოლო საფლავიდან დაახლოებით 30 მეტრში, ამირანის გორის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დახაზეს. წელს ქალაქის სამხრეთ გარეუბანში ახალი სასაფლაო აშენდება, რადგან ძველი ამირანის გორის დასასვენებელ ზონას უახლოვდება.
არხის გაყვანის აქციის მიზანი სასაფლაოს რეკრეაციული ზონიდან დაშორება იყო, სადაც ფანჩატურებია დამონტაჟებული, რადგან ზაფხულში მოსახლეობა ბუნებაში ატარებს დროს.
„ქალაქის მოსახლეობა ყოველ ჯერზე კითხულობდა, როდის შეწყვეტდნენ სასაფლაოს რეკრეაციულ ზონამდე დაახლოებას. მრავალი კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა სიმბოლური აქცია, რათა მოსახლეობისთვის გვეთხოვა, რომ სასაფლაო ჰორიზონტალურად არ გააფართოვონ, გამოიყენონ გზის მეორე ხაზი და იქ არსებული ტერიტორია“, – აცხადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ჰაკობ ჩახმახჩიანი.
ახალი სასაფლაოს ტერიტორია უკვე გამოიკვეთა და იგი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადადის, რათა მერიამ ის სასაფლაოდ გამოიყენოს. აღნიშნული ტერიტორია დაახლოებით 10 ჰექტარია და ქალაქის სამხრეთ გარეუბანში, შემოვლითი გზის მახლობლად მდებარეობს, რომელიც ახალქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებს სომხეთსა და თურქეთთან აკავშირებს.
„2022 წლის შემოდგომიდან ტერიტორიის საბუთებს ვაწესრიგებთ. პროცესი მალე დასრულდება და ამინდის დათბობასთან ერთად ტერიტორიის კეთილმოწყობას შევუდგებით. პროექტს მაშინ შევუკვეთავთ, როცა ტერიტორია სრულად გადმოგვეცემა. ღობეებს დააყენებენ და თანაბარ ნაკვეთებს გამოყოფენ. ეს ძალიან სენტიმენტალური საკითხია, ამიტომ ხალხისთვის მოსახერხებელი ტერიტორია შევარჩიეთ“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი.
ახალქალაქის ძველი სასაფლაო ათწლეულების განმავლობაში ივსებოდა და თანდათანობით მოსახლეობამ ამირანის გორის ძირში სასაფლაოს გვერდით მდებარე ტერიტორიაზე საფლავების განლაგება, მისი ჰორიზონტალურად, რამდენიმე ასეულ მეტრზე გავრცელება დაიწყო. სასაფლაოზე გამავალი გზა ასფალტირებულია. ახლა სასაფლაო გზიდან ათეულ მეტრშია გაშლილი, ახალი საფლავები კი ძირითადად ერთ ხაზზე ითხრება.