ჯავახეთში ახალგაზრდების უმეტესობა პროფესიას მშობლების სურვილის მიხედვით ირჩევს, ხოლო სწავლის დამთავრების შემდეგ ბრუნდებიან და ვერ საქმდებიან. რა არის ამის მიზეზი და ირჩევენ თუ არა ახალგაზრდები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს – JNEWS-ი შეეცადა ამ და სხვა კითხვებზე პასუხები ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისგან გაეგო.
საკრებულოს თავმჯდომარის ნაირი ირიციანის თქმით, ხშირად ახალგაზრდები პროფესიას პრაქტიკულობის მიხედვით, არამედ მეგობრების ან ოჯახის წევრების რჩევით ირჩევენ. პროფესიის არჩევამდე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდამ იმ საზოგადოების პროფესიული მოთხოვნები შეისწავლოს, რომელშიც იცხოვრებს და იმუშავებს.
პროფესიულ მოთხოვნებზე საუბრისას ნაირი ირიციანი ხაზს ბიზნესის სფეროს უსვამს და აღნიშნავს, რომ რეგიონში კარგი ბუღალტერები სჭირდებათ, რომლებიც კანონმდებლობის ცვლილებებს თვალს ადევნებენ, საერთაშორისო სტანდარტებს იცნობენ და შეუძლიათ ზომიერების ფარგლებში დაიცვან ის ბიზნესი, რომელშიც მუშაობენ.
„ხშირად ახალგაზრდები ბრუნდებიან და გრანტებს დაეძებენ, ისეთი ბიზნესის წამოწყებასა და კეთებაზე კი არ ფიქრობენ, რომელიც გაიზრდება და შემოსავლის მუდმივი წყარო გახდება; არ ცდილობენ ერთობლივი ძალისხმევით იმუშაონ”.
ირიციანი სამედიცინო და პედაგოგიურ სფეროებსაც გამოყოფს, რადგან აქ პერსონალის დაკომპლექტება და გაახალგაზრდავება. ახალქალაქის სოფლებში არ არის საკმარისი ექთნები, სკოლებში ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და სხვა საგნების სპეციალისტები საჭიროა .
არ არის გამორიცხული, გარკვეული დროის შემდეგ მოთხოვნები შეიცვალოს და ზოგიერთმა პროფესიამ აქტუალობა დაკარგოს. მაგალითად, თუ რკინიგზა არ გაიხსნა და ამ მხრივ ახალგაზრდების წახალისებას აზრი არ აქვს.
„სოფლების სიტუაციას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მთელი რაიონისთვის მხოლოდ ერთი ვეტერინარია. ხშირად ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ საუნივერსიტეტო განათლება სავალდებულოა, მაგრამ არ ითვალისწინებენ, რომ კარგი შემდუღებელი ან მზარეული რომ გახდე, სპეციალიზაციაა საჭირო“.
JNEWS-ის კითხვაზე, შესწავლილია თუ არა რეგიონში საჭირო პროფესიები და შრომის ბაზარზე მოთხოვნა, ნაირი ირიციანმა გვიპასუხა:
„ასეთი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამაზე ყველამ უნდა იმუშაოს: როგორც სამთავრობო უწყებებმა, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა”.
ირიციანი ახალგაზრდებს მოუწოდებს, კარგად დაფიქრდნენ პროფესიის არჩევისას, შეისწავლონ შრომის ბაზარი და მიიღონ რჩევა სხვადასხვა დარგის ექსპერტებისგან, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.
მერის, მელქონ მაკარიანის, თქმით, ამ წუთებში ახალქალაქის მერიაში არის ვაკანსიები, რომლებზეც განაცხადი ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიტანოს, მთავარია დადგენილი მოთხოვნები დააკმაოფილოს.
„დღეს მერიას ყველაზე მეტად მაღალი ხარისხის პროექტის შემდგენი ესაჭიროება, რომელიც შეძლებს გამზადებული პროექტები შეისწავლოს, შეცდომები გამოასწოროს, ხარვეზები შეავსოს და ახალიც დამატოს”.
მერი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებში დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა, ბევრი მათგანი უმაღლესი განათლების მიღებასაც ცდილობს.
„ჩვენი ახალგაზრდების უმეტესობა სახელმწიფო ენაზე საუბრობს, რაც რეგიონისთვის დიდი მიღწევაა. ვფიქრობ, ეს თაობა შეძენილი ცოდნისა და შესაძლებლობების დახმარებით რეგიონის განვითარებაში წვლილს შეიტანს“.
მელქონ მაკარიანის თქმით, თითოეული ადამიანი თავისი შესაძლებლობებისა და უპირატესობების გათვალისწინებით ირჩევს მისთვის შესაფერის პროფესიას. რაც მთავარია, სწავლა არ უნდა მიატოვონ და დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მიღებული ცოდნით ოჯახსა და სამშობლოს გამოადგებიან.
საკადრო პოლიტიკის კუთხით გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე ფიქრია აუცილებელი. შედეგის მისაღწევად სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების თანამშრომლობაა საჭირო.