17 თებერვალს ახალქალაქის მერიის სააქტო დარბაზში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტის “ტერიტორიული რეზერვის” განახლებულ გეგმაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ვიცე-პოლკოვნიკი გოჩა ბათაძე და სერჟანტი რამინ ებრალიძე ხელმძღვანელობდნენ.

შეხვედრას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერის მოადგილეები თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, ახალქალაქის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი ზანდარიან ჟირაირი, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, მოადგილეები ესწრებოდნენ.

პროგრამა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. თითოეულ რეგიონში იქმნება ბატალიონები, რომლებიც მხოლოდ ამ რეგიონის მოქალაქეებით დაკომპლექტდება. სამცხე-ჯავახეთის ბატალიონი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ სამცხე-ჯავახეთის და სრულიად საქართველოს მოსახლეობის დაცვა გახდება საჭირო.

„გვინდა, რომ ამ პროგრამაში საქართველოს სომეხმა მოქალაქეებმაც მიიღონ მონაწილეობა, რადგან პროგრამაში ჯერჯერობით სომხები არ არიან, თუმცა მასში მონაწილეობა ყველას შეუძლია“, – განმარტა გოჩა ბათაძემ.

პროგრამაში მონაწილე პირების ხელფასი 4 200 ლარია. გარდა ამისა, ისინი ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით როგორც აქტიური სამხედრო მოსამსახურეები, ისე ისარგებლებენ.

პროგრამაში მონაწილეობა 27-დან 51 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, 18-დან 22 წლამდე სტუდენტებს შეუძლიათ, რომლებიც კურსის დასრულების შემდეგ სამხედრო ბილეთს მიიღებენ.

ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 4 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ.

მონაწილეები 36 დღის განმავლობაში ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას გაივლიან. უწყვეტად, პირველ თვეში 8 დღიანი მეცადინეობა ტარდება, შუა პერიოდში კი ვარჯიშები მხოლოდ შაბათ-კვირას იგეგმება. რეზერვში მსახურობისას ისინი რეალურ საბრძოლო უნარებს შეიძენენ.

პროგრამის შესახებ ზოგადი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ დისკუსია გაიმართა. კითხვები კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტის შესაძლებლობას, ქალაქში სამხედრო ფორმით მოძრაობას, ხალხის სამედიცინო დაზღვევით დაინტერესებას, ყოფაცხოვრებისა და საკვების დეტალებს ეხებოდა. აუდიტორია ასევე დაინტერესდა რეზერვისტებს შეეძლოთ თუ არა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

საბუთები ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 10:00-დან 16:00 საათამდე, ხოლო პარასკევს 10:00-დან 12:00 საათამდე ახალციხეში, კოსტავას ქუჩა N1-ში მიიღება. მსურველებს შეუძლიათ ონლაინ ვებგვერდზე –  https://onlinebct.mod.gov.ge/</ a >  – დარეგისტრირდნენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 591 55 05 68 / 577 19 23 90

რეზერვისტები ახალციხეში გადამზადდებიან.