ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პრაქტიკულად ყველა სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაა. ზოგიერთ სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან საერთოდ არ მუშაობს, ან მას ვერ იყენებენ. ხშირ შემთხვევაში ეს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრებში სიარული, პროგრამებსა თუ კურსსებზე დასწრება სურთ, რომელიც ქალაქში ფუნქციონირებს, ბარიერს ქმნის.
მართალია ახალქალაქის ზოგიერთ სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს, მაგრამ ის სოფლიდან დღეში ერთხელ დილის 09:00 საათზე გადის და ქალაქიდან სოფელში შუადღის დაახლოებით 13:30 საათზე ბრუნდება.
ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაახლოებით ოთხ სოფელს გადის, მგზავრებს აგროვებს და ქალაქში მოჰყავს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტს არც ერთი სახელმწიფო კანონი არ არეგულირებს. ის კერძო საკუთრებაა და მძღოლს თავისი სურვილისამებრ შეუძლია ერთი დღე იმუშაოს და ორი დღე დაისვენოს. თუ ავად გახდა, მგზავრები ქალაქში საერთოდ ვეღარ ჩავლენ. ზოგჯერ მძღოლს მგზავრთან უთანხმოება აქვს და მომსახურებაზე უარს ეუბნება.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში სტუდენტები ძირითადად სოფლებიდან დადიან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო, სტუდენტების უმეტესობა იძულებულია ქალაქში საცხოვრებელი იქირავოს.
სოფელ ხულგუმას საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჰყავს, მაგრამ მოსახლეობა ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, რადგან სოფელს ქალაქთან დამაკავშირებელი ხიდი აქვს და ნახევარ საათში ქალაქში ფეხით იოლად ჩადიან.
სოფლებიდან: გოგაშენიდან, ჩუნჩხადან, ქარცეფიდან, აფნიადან, ოკამიდან, აზმანადან გამგზავრება მხოლოდ ტაქსით ან საკუთარი მანქანით შეიძლება. ამის გამო ბავშვები ქალაქს სრულად მოსწყდნენ.
აზმანის სოფლის სპეციალისტის ამირან მელაძის თქმით, სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი მოთხოვნაა.
„სოფელს საზოგადოებრივი ტრანსპორტი სჭირდება, მაგრამ ამაზე მოსახლეობამაც უნდა ისაუბროს“, – ამბობს იგი.
ამირანი აღნიშნავს, რომ ბავშვების პასიურობის მიზეზი ტრანსპორთთან არის დაკავშირებული, რადგან ქალაქში ჩასასვლელად ყოველ ჯერზე ტაქსს ვერ იძახებენ. სპეციალისტის თქმით, შეიძლება დღეში მინიმუმ ერთი რეისით დაიწყონ და საჭიროებისამებრ გაზარდონ.
იმავე პრობლემის წინაშე დგანან შორეული სოფლებიც, მაგალითად, ბორჯომის რაიონის სოფელი ტაბაწყური.
„ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორშაბათობით დილის 7 საათზე მიდის ახალქალაქში და 19 საათზე ბრუნდება უკან. ოთხშაბათს სოფლიდან 10:00 საათზე გადის და არაუგვიანეს 14:00 ბრუნდება. ჩვენი სოფლიდან ახალქალაქამდე 40 კილომეტრია. თუ საკუთარი მანქანით მივდივართ, 50 ლარის საწვავი მაინც გვჭირდება“, – ჰყვება სოფელ ტაბაწყურის მკვიდრი არმენუი მურადიანი.
არმენუი სოფელ ტაბაწყურში ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდაა, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უქონლობის გამო პროგრამებში ხშირად ვერ მონაწილეობს.
რაია ბალასანიანის სოფელ კოჩიოდანაც ტრანსპორტი დილის 8:30 საათზე გადის და 13:00 საათზე ბრუნდება. სოფლის მცხოვრებლები ჩივიან, რომ საქმეების დასასრულებად დრო არ ჰყოფნით.
„ჩვენს სოფელში სტუდენტებიც არიან, რომლებიც ქალაქში რჩებიან, რადგან მეცადინეობების შემდეგ ტრანსპორტით ვერ მგზავრობენ“, – განმარტავს რაია.