2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 24 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (8.9 პროცენტი). 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 12.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 18 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებითვე, 2022 წლის მეოთხე კვარტალში კერძო სახლების ღირებულება (1კვ.მ) დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შემდეგი იყო:

  • მთაწმინდა – 3 258 ლარი;
  • დიდუბე – 3 156 ლარი;
  • ვაკე – 3 111 ლარი;
  • საბურთალო – 2 857 ლარი;
  • კრწანისი – 2 640 ლარი;
  • ისანი – 2 528 ლარი;
  • ჩუღურეთი – 2 207 ლარი;
  • ნაძალადევი – 2 010 ლარი;
  • სამგორი – 1 901 ლარი;
  • გლდანი – 1 748 ლარი.