ბოლო დროს ახალქალაქის ახალგაზრდულმა ცენტრმა, რომელიც საგანმანათლებლო ცენტრში ფუნქციონირებს, USAID-ის პროგრამის “ერთობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში და საქართველოში გაეროს ასოციაციის (UNAG) ფინანსური მხარდაჭერით ახალი ნაბიჯები გადადგა. ცენტრი ახალი ტექნიკითა და ქონებით – ბიბლიოთეკა, ავეჯი და “სმარტ” დაფა – აღიჭურვა.
ცენტრის კოორდინატორის თქმით, ახალი საგანმანათლებლო მოედანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საყვარელი ადგილი გახდება, სადაც მათ შეეძლებათ სხვადასხვა აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა, შეიძინონ ახალი ცოდნა და იგი თანატოლებს გაუზიარონ.
„პროგრამა „ერთობა მრავალფეროვნებაშიას“ ახალი თაობისთვის კარგი შესაძლებლობები აქვს, რომელშიც მონაწილეობა14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. ტრენინგები ძირითადად სომხურ ენაზე ტარდება, ზოგ შემთხვევაში ქართულადაც. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თანამშრომლობამ და მეგობრულმა გარემომ ინტეგრაციას შეუწყოს ხელი. პროგრამას პარტნიორი ორგანიზაციებიც უჭერენ მხარს, ამიტომ ღონისძიებებისა და ტრენინგების თემატიკა მრავალფეროვანია, თუმცა საერთო მიზანი გვაქვს – ახალგაზრდებს ახალი ცოდნის მიღებასა და განვითარებული სამყაროსთვის ფეხის აწყობაში დავეხმაროთ“, – ამბობს ცენტრის კოორდინატორი შორენა თეთვაძე.
პროგრამის “ერთობა მრავალფეროვნებაშიას” ფარგლებში PH International ახალქალაქში, მესხ-დემოკრატთა კავშირის ოფისში, ბიზნეს-ინგლისურის სასწავლო პროგრამა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების სამეწარმეო მიმართულებით ენობრივი კომპეტენციების განვითარებაა.