საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჯავახი სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ისინი თავიანთ პროფესიებში შესამჩნევ წინსვლას აჩვენებენ. გამონაკლისი არც მედიცინის სფეროა და ბოლო წლებში ამ სფეროს მიმართ ინტერესიც იზრდება.
JNEWS-ი იმ ახალგაზრდებს ესაუბრა, რომლებიც ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსზე სწავლობენ.
ახალქალაქელმა გოჰარ ასლანიანმა დაწყებითი განათლება ახალქალაქის მე-2 საჯარო სკოლაში მიიღო. 2017 წელს თსსუ-ში „1+4“ პროგრამით ჩაირიცხა, ქართული ენის შესწავლის მოსამზადებელი კურსის შემდეგ ზოგადი მედიცინის ფაკულტეტი აირჩია. ამჟამად მეხუთე კურსზეა და სომხური განათლების ფონდის (AEF) სტიპენდიას იღებს. გოჰარის თქმით, ძირითადი სირთულეები თავდაპირველად სახელმწიფო ენის უცოდინრობასა და ინტეგრაციას უკავშირდებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მან ყველაფერი დაძლია.
„ჩემი ოცნება, ექიმი გავმხდარიყავი, მშობლების სურვილსაც დაემთხვა. მათი მხარდაჭერა და რწმენა მაძლევს მოტივაციას დავძლიო ყველა სირთულე და მივყვე ჩემს მიზანს. ამჟამად ძალიან მინდა სწავლის დამთავრების შემდეგ ალერგოლოგია-იმუნოლოგია შევისწავლო, რადგან ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაა. ყველა პროფესიას თავისი სირთულე აქვს, მაგრამ მონდომებით ყველაფერს შეძლებ და გადალახავ“.
გოჰარი თვლის, რომ ჯავახეთში კარგი სპეციალისტები არიან, მაგრამ ამავდროულად არის სფეროები, სადაც სპეციალისტები არ ჰყავთ. ჯერჯერობით, დაბრუნდება თუ არა, გადაწყვეტი არ აქვს.
“როგორც მომავალი ექიმი, ყველას ვურჩევ, საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ და გართულებების გამოვლენას არ დაელოდონ. შესაბამის ექიმს დროულად უნდა მიმართონ, რათა დაავადება თავიდან აიცილონ”.
გოჰარი პრაქტიკას სხვადასხვა კლინიკაში გადიოდა და Covid-19-ისას Megalab-ში, თბილისის ერთ-ერთ დიდ ლაბორატორიაში დიდი ენთუზიაზმით მუშაობდა – იქ PCR-ტესტებს ატარებდა. თავისუფალ დროს გოჰარი ხელსაქმით კავდება, საჩუქრებს ფუთავს და კოლექციებს აგროვებს.
ჩვენი მეორე გმირიც თსსუ-ში სწავლობს. ფიალიკ ჩოფურიანი ნინოწმინდის რაიონის სოფელ დილიფიდან არის და ამჟამად მე-6 კურსელია. სოფლის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, 2016 წელს უნივერსიტეტში ჩააბარა და როგორც თავად ამბობს, მოსამზადებელ კურსზე განსაკუთრებული სირთულეები არ შეხვედრია. რასაც პირველ კურსზე ვერ იტყვის: ინტეგრაციისას ენის არასრულფასოვანი ცოდნის გამო პრობლემები შეექმნა, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო და მცირე ხნის შემდეგ ამ სტრესული სიტუაციიდან თავის დაღწევა და სწავლისთვის ახალი სტიმულის მიცემა შეძლო.
„სიმართლე გითხრათ, მედიცინა ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, მაგრამ მსურდა ჩემი პროფესიით საზოგადოებისა და ოჯახისთვის სარგებელი მომეტანა. ამიტომ მედიცინა ავირჩიე. ამ ხნის განმავლობაში ბევრი გარემოება მაძლევდა მოტივაციას, მათ შორის მშობლების ნდობა და რწმენა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ვფიქრობ, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით გავაგრძელებ სწავლას“.
ფიალიკი მიიჩნევს, რომ ჯავახეთში ექიმების უკმარისობაა, რისი მიზეზიც არახელსაყრელი სამუშაო პირობებია. დაბრუნების შესახებ კი დანამდვილებით ვერაფერს ამბობს.
„მედიცინის შესწავლის მსურველ აპლიკანტებს ვურჩევდი, სირთულეების არ შეეშინდეთ და წინ იარონ, პრინციპებით იხელმძღვანელონ. თუ სხვამ გადალახა ეს ყველაფერი, მეც შევძლებ. როგორც მომავალი ექიმი, ჩვენს საზოგადოებას ვურჩევდი ექიმს თუნდაც უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემის გამოც კი მიაკითხონ, რადგან მკურნალობა დაავადების ადრეულ სტადიაზე უფრო ეფექტურია. ვურჩევდი ქვეყანაში არსებული უფასო სკრინინგული გამოკვლევებით ისარგებლონ, რათა რიგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მათი პრევენცია შევძლოთ“.
2019-2022 წლებში ფიალიკი თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში მუშაობდა. ამჟამად არ არის დასაქმებული, თავისუფალ დროს ფილმების ყურება, კითხვა და მეგობრებთან ერთად სეირნობა უყვარს.
ნანო ჯაგაცპანიანი, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ოროჯალერი, თსსუ-ში უკვე მესამე კურსის ენდოკრინოლოგია, მანაც მსგავსი სირთულეები გადალახა, ახლა კი სწავლის დასრულებასა და საოცნებო პროფესიით მუშაობამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. მოსამზადებელ კურსზე რომ ჩააბარა, ჟურნალისტობა სურდა, მაგრამ ერთ-ერთმა ლექტორმა უთხრა, რომ კარგი ექიმი გამოვიდოდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ნანოს თქმით, კარგი სპეციალისტები საქართველოს ყველა რეგიონს სჭირდება. წინა გმირებისგან განსხვავებით, ნანოს გადაწყვიტილი აქვს დაბრუნდეს და თავის რეგიონში იმუშაოს. დარწმუნებულია, მცდარი სტერეოტიპი არსებობს, თითქოს რეგიონებში მაღალი ხარისხის მკურნალობას ვერ მიიღებ. ამის მიზეზი კი ექიმსა და პაციენტს შორის მიკომუნიკაციაა.
თავისუფალ დროს თვითგანათლებით კავდება, ახალ ენებს სწავლობს, ფილმებს უყურებს, პიანინოზე უკრავს, სხვადასხვა კონფერენციებს ესწრება და ახალგაზრდა კოლეგებს ცოდნას უზიარებს.