ახალი წლიდან საქართველოში პენსიები, საჯარო მოხელეების, მედიცინის მუშაკების და სხვა მუშაკების ხელფასები გაიზარდა, მაგრამ ინფლაციის მაღალი პროცენტული მაჩვენებლის გათვალისწინებით, რამდენად დაფარავენ ისინი მოსახლეობის გაზრდილ ხარჯებს?
წელს საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მოსახლეობას ასაკობრივი პენსიისთვის 3 მილიარდი ლარი გამოუყო, რაც 2022 წელთან შედარებით 100 მილიონით მეტია. საქართველოში პენსიას დაახლოებით 800 ათასი ადამიანი იღებს, მათგან ნახევარი 70 წელს გადაცილებულია. 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 65 ლარით, 365 ლარამდე, გაიზარდა, მაღალმთიან რაიონებში, ჯავახეთის ჩათვლით, – 440 ლარამდე. 70 წლამდე პენსიონერებს თანხა 35 ლარით, 295 ლარამდე, გაეზარდათ, ხოლო მაღალმთიანეთში 350 ლარით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში წლიური ინფლაცია 10,6%-ს შეადგენს. სურსათი 15,8%-ით, ტრანსპორტი 11,6%-ით და კომუნალური მომსახურების ღირებულება 13,5%-ით გაძვირდა. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მხოლოდ 10%-ია. რამდენად შესაძლებელია პენსიებისა და ხელფასების გაზრდამ მიმღები დააკმაყოფილოს? – ექსპერტისა და ეკონომისტის, ლადო პაპავას დახმარებით Jnews-ი ამ საკითხების გარკვევას შეეცადა.
„ეს ინფლაციის გარკვეული კომპენსაციაა. გასათვალისწინებელია, რომ ამ ინფლაციას ქართული ფესვები არ აქვს და ის გლობალურია. შესაბამისად, ეს პენსიონერების, სახელმწიფო მოხელეების მზარდი დანახარჯის ნაწილობრივი კომპენსაციაა. თუკი საჯარო სექტორში პენსიების და ხელფასების ზრდა ინფლაციას გადააჭარბებს, ეს ინფლაციის მორიგ ეტაპს გამოიწვევს. ბიუჯეტის, პენსიებისა და საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა ფასების ინფლაციურ ზრდას სრულად არ ფარავს“, – აცხადებს ლადო პაპავა.
დღესდღეობით საქართველოში ხანდაზმულობის პენსია ქალებს 60 წლიდან, ხოლო მამაკაცებს 65 წლიდან ენიშნებათ.