ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზა, რომელიც საქართველოს თურქეთთან აკავშირებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ქალაქთან აერთებს. ახალქალაქი-კარწახის გზაზე დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი ზოლი იყო თავისუფალი, რადგან მეორე ზოლზე ყოველთვის სატვირთო მანქანების დიდი ნაკადი მოძრაობდა. ახლა გზა ღიაა, მაგრამ მის გასწვრივ სიარული უსიამოვნოა, რადგან მთელ სიგრძეზე ნაგავია დაგროვილი.
გზის მიმდებარედ სახნავ-სათესი მიწა მთლიანად დანაგვიანებულია. სოფლის მოსახლეობა ხუმრობით ამბობს, რომ წელს პოლიეთილენის მაღალი „მოსავლიანობა“ იქნება.
„ქარი და მაწანწალა ძაღლები ნაგავს მიმოფანატავენ. ინფექციებისა და დაავადებების გავრცელებისა და მდგომარეობის გაუარესების რისკი დღითიდღე იზრდება. ნაგვის ურნების რაოდენობა კი არ იმატებს“, – აცხადებს სოფელ სულდას მკვიდრი გევორგ ჯანოიანი და ამატებს, რომ მდგომარეობა არა მხოლოდ ნაგვის, არამედ ტრანსპორტის გამოც რთულდება. ვიწრო გზები და ცალმხრივი მოძრაობა ავარიების მიზეზი ხდება.
გევორგ ჯანოიანის თქმით, შექმნილ მდგომარეობას გზის გასწვრივ ნაგვის ურნების რაოდენობის გაზრდა და გზის გაფართოება გამოასწორებს.
„მართალია ჩვენი სოფელი გზატკეცილთან არ მდებარეობს, მაგრამ ამ გზით ჩვენც ვსარგებლობთ. რამდენიმე თვეა სოფელში არ ვყოფილვარ, მაგრამ როცა დავბრუნდი, საშინელი მდგომარეობის გამო ზიზღი დამეუფლა. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ყოველივე ცუდ გავლენას ახდენს მშობლიურ ბუნებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ზედამხედველობა და ჯარიმები დამბინძურებლებისთვის აუცილებელია“, – განმარტავს სოფელ ხავეთში მცხოვრები სერობ კარაპეტიანი.
გაზაფხულზე დაგროვილმა ნაგავმა მოსახელათა პირუტყვს შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს. სოფელ სულდას მკვიდრის გერასიმ ვარდიკიანის თქმით, ქარმა ნაგავი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაფანტა. გაზაფხულზე, როცა პირუტყვი საძოვრად გაჰყავთ, პოლიეთილენის პარკები პირუტყვისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
„გზა პერიოდულად იკეტება, ნაგვის რაოდენობა კი იზრდება. გაზაფხულზე, როცა პირუტყვს საძოვარზე გავიყვანთ, ამ ნაგავს შეჭამენ და ან მძიმედ დაავადდებიან, ან დაიღუპებიან. ჩვენ კი მეცხოველეობით ვარსებობთ. მოვიდნენ, დაყარეს და წავიდნენ. გვესმის, რომ ეს არის სახელმწიფოთაშორისი გზა და მასზე სატვირთო მანქანებმა უნდა იმოძრაონ, მაგრამ გთხოვთ, მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ზომები მიიღოთ “, – აღნიშნავს გერასიმ ვარდიკიანი.
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე კომპანია “ჯავახავტოგზა” არის პასუხისმგებელი. კომპანიის დირექტორის თქმით კი, ტერიტორიის ნაგვისგან გაწმენდა მათ მოვალეობაში არ შედის.
„მართალია, გზაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს, მაგრამ ჩვენი ამოცანა გზის კეთილმოწყობა, გასწორებაა და არა ნაგვის შეგროვება. ყოველი მანქანის შემდეგ გარემოს ვერ გავწმენდთ. ეს მათი ქვეყანა არ არის და უმოწყალოდ აბინძურებენ. რომელ ქვეყანაში ხდება მსგავსი რამ? შესაბამისმა ორგანოებმა კონტროლი უნდა დააწესონ და ერთი-ორი დააჯარიმონ. დროდადრო ყველგან საცობები წარმოიქმნება, ამიტომ მძღოლები ნაგავს ყველგან ყრიან. ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ, ამიტომ ან კონტროლისა და დაჯარიმების უფლება მოგვცენ, ან კამერებს დავაყენებთ და დანიშნული ადამიანები გზას მონიტორინგს გაუწევენ“, – აცხადებს “ჯავახაავტოგზას” დირექტორი ნოდარ ინსარიძე.