ბოლო დროს უმაღლესი განათლების მიღებისა და ევროპის ქვეყნებში მუშაობის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. თუმცა ახალგაზრდები ახალი გარემოს და სიძნელეების გამო ოცნებებს ვერ მიჰყვება. მაგრამ ჩვენმა რესპონდენტმა მტკიცედ გადაწყვიტა და გერმანიაში ოცნების ასასრულებლად მარტო წავიდა.

რომან ვოსკანიანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გზქილისადანაა. ის უკვე მეორე წელია გერმანიაში ლანდშაფტის დიზაინსა და ფინანსებს სწავლობს. დასაქმებულია და ადამიანებს თავიანთი რესურსების სწორად მართვაში ეხმარება.

Roman

ევროპაში განათლების მიღებაზე ყოველთვის ფიქრობდა. როდესაც პირველად, 2018 წელს, როგორც ტურისტი ისე ჩავიდა გერმანიაში, იქ დარჩენის გზების ძებნაც დაიწყო.

„გარემო ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე დავრჩენილიყავი. ვსტუმრობდი სხვადასხვა უნივერსიტეტს, ოფისს და მივხვდი, რომ ყველაფერი ძალიან ძვირია. ყოველივეს ენის ბარიერიც ემატებოდა. ჩემი ოცნების ასასრულებლად გზების ძებნა დავიწყე. პირველი მიზანი ენის სწრაფად შესწავლა და ისეთი პროგრამის პოვნა იყო, რომელიც საშუალებას მომცემდა გერმანიაში დიდი თანხის ინვესტიციის გარეშე წავსულიყავი“.

პროგრამაც მალე გამოჩნდა: Au-pair – პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს ენის საბაზისო დონის ცოდნის შემთხვევაში,  საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობას აძლევს.

ამ პროგრამის ფარგლებში ევროპის ქვეყნებში გამგზავრება იმ 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებიც ოფიციალურ ენას A1 დონეზე ფლობენ და ქვეყანაში მასპინძელი ოჯახი ჰყავთ. ახალგაზრდების მთავარი ამოცანა ასეთი ოჯახების პოვნაა და ისინი შეძლებენ ისწავლონ ენა, გადაიხადონ პირადი ხარჯები და იმოგზაურონ.

unnamed

რომანი სოციალურ ქსელებშიც აქტიურია და Tik-Tok პლატფორმაზე ბლოგს ხელმძღვანელობს. მან მოკლე დროში დიდი აუდიტორია შეკრიბა. მისი მიზანი ახალგაზრდების მოტივირება და ფართე აუდიტორიის ყოლაა, რომელიც მას სხვადასხვა პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება.

„გერმანიამ თავისუფლება მაჩუქა, მასწავლა როგორ ვიცხოვრო, მივიღო გადაწყვეტილებები, დავეყრდნო მხოლოდ საკუთარ ძალებს. გერმანიაში რომ არ წავსულიყავი ძნელი სათქმელია მექნებოდა თუ არა Tik-Tok გვერდი, რადგან წალკაში იგი არც ისე პოპულარულია. თავიდან რთული იყო, რადგან მაინტერესებდა, რას იფიქრებდა ან იტყოდა ხალხი ჩემზე. ჯავახებს ვურჩევ, არ იცხოვრონ იზოლირებულად და თავიანთ ოცნებებს მიჰყვნენ, სასწავლებლად, ევროპაში თუ არა, თბილისში ან ერევანში წავიდნენ, რათა განვითარებისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობები გაუჩნდეთ“.