სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი ახალ პროექტს როგორც სომხური ენისა და ლიტერატურის მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე მსურველებისთვის გეგმავს. პროგრამა 2024-2025 სასწავლო წელს ამოქმედდება.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის მაკა ბერიძეს თქმით, პროექტის ხუთი წელი გაგრძელდება, კურსდამთავრებულები კი მაგისტრის ხარისხს მიიღებენ.

„სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის პროგრამას ვგეგმავთ, რომლის ფარგლებშიც სომხური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტს შესაძლებლობა ექნება სწავლების მეთოდებს დაეუფლოს და მასწავლებელი გახდეს. დამთავრებისთანავე კი მაგისტრის ხარისხს მიიღებენ“, – განმარტავს მაკა ბერიძე.

ზემოაღნიშნული პროგრამის სტუდენტებს შეეძლებათ ქართული მოდული აირჩიონ და სკოლაში სომხური და ქართული ერთდროულად ასწავლონ. პროგრამაში განაცხადი შემოტანა მოქმედ მასწავლებლებსაც შეუძლიათ. ისინი ბილინგვური საგანმანათლებლო მოდულით  როგორც სომხური ენასა და ლიტერატურას, ისე ქართული ენასა და ლიტერატურას შეისწავლიან.

უნივერსიტეტის რექტორის თქმით, პროექტის განხორციელებაში სომეხი კოლეგებიც ეხმარებიან.

„ამ მიმართულებით სომეხ კოლეგებთანაც ვთანამშრომლობთ და იქ გამოცემულ წიგნებს გამოვიყენებთ. ამ ყველაფერს როგორც სომეხი, ისე ქართველი პარტნიორების აქტიური მონაწილეობით ვაკეთებთ,“, – ამატებს მაკა ბერიძე.

მეცადინეობების ჩასატარებლად ლოკაცია ჯერ არჩეული არ არის.

„გადაწყვეტილებას სტუდენტების გამოკითხვის შემდეგ მივიღებთ. ვფიქრობ, ახალციხეში დავიწყებთ და ახალქალაქში გავაგრძელოთ“, – განმარტავს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი.

ანალოგიურად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ სომხური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის არჩევაც შეეძლებათ. “1+4” პროგრამით უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვაც არის შესაძლებელი, მაგრამ ამ დროისთვის დაუზუსტებელია, კონკრეტულად რომელი ნაწილი დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

„გვინდა იანვარ-თებერვალში გავიაროთ აკრედიტაცია, რათა სასწავლო პროცესი 2024-2025 სასწავლო წელს დავიწყოთ“, – შეაჯამა მაკა ბერიძემ.

სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მოდული მომავალში 60-კრედიტიან პროექტში ჩაერთვება და განათლებას მოქმედი პედაგოგებიც მიიღებენ.