ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის მოსახლეობა 30 წელზე მეტია აზბესტის მილებიდან სვამს წყალს, რასაც ნაწლავების ხშირი აშლილობის მიზეზად მიიჩნევენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელს ორჯერ დაახლოებით 300 000 ლარის ოდენობის ახალი წყალსადენი აუშენა, მაგრამ უშედეგოდ. და ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის; ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უშედეგოდ ხორციელდება პროექტები. 2010 წლიდან დღემდე მსგავსმა წამოწყებებმა სულ მცირე 2 209 910 ლარს მიაღწიეს.

ბეჟანო-ალათუმანის წყალსადენი 1990 წელს აზბესტის მილებით აშენდა, მისი სიგრძე 6 კმ 400 მეტრია, ალათუმანში კი 180-მდე ოჯახი ცხოვრობს.

აზბესტის მილებს სხვადასხვა სფეროში იყენებენ: მშენებლობაში, რაკეტამშენებლობაში, მანქანათმშენებლობაში, სარწყავი წყლის მილსადენად, მაგრამ არა სასმელი წყლისთვის. ისინი ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც აკრძალეს.

სახლებში წყალი აქვთ, მაგრამ დასალევად უვარგისი. ზოგიერთი წყალს სოფლის ორი წყაროდან იმარაგებს.

2014 წლიდან 2016 წლამდე სოფლის მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის თანხა, რომელსაც სახელმწიფო თითოეულ სოფელს პრობლემების მოსაგვარებლად უნაწილებს, პლასტმასის მილების შესაძენად გამოიყენა, რათა აზბესტის მილები შეეცვალათ. სანტექნიკის სრულად შესაცვლელად რამდენიმეწლიანი დაფინანსება იყო საჭირო.

2017 წლის შემოდგომაზე მუნიციპალიტეტმა სოფელ ალათუმანში ახალი წყალსადენის მშენებლობისთვის 205 000 ლარი გამოყო. სამუშაოებზე ფიზიკური პირი გარიკ ზარმარიანი ზრუნავდა. ყოველივე 2019 წელს დასრულდა, თუმცა წყალი მილებში არ მიედინებოდა. მუნიციპალიტეტმა მშენებელს თანხის გადახდაზე უარი უთხრა, რადგან სასურველი შედეგი ვერ მიიღეს. მშენებელმა სასამართლო წესით დაიბრუნა თანხა, რადგან მან მზა პროექტის მიხედვით იმუშავა. მუნიციპალიტეტმა მშენებელს 2019 წელს დაახლოებით 25 ათასი ლარი გადაუხადა.

მერიის საექსპერტო დასკვნაში, როგორც Jnews-ს იურიდიულ სამსახურში 2019 წელს განუცხადეს, ნათქვამია, რომ მშენებელმა სამუშაოები პროექტის მიხედვით დაასრულა, რომელიც არასწორად იყო შედგენილი. დამნაშავე პროექტის შემდგენი გამოდგა. მერია სასამართლოში ჩივილს აპირებდა, მაგრამ ასე აღარ მოიქცნენ.

ახალქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ალბერტ ნახატაკიანის თქმით, მსგავს შედეგს არ ელოდა.

„წყალი უნდა წამოსულიყო, რადგან სხვადასხვა GPS-ის სპეციალისტები, ქრიზოლიტის ექსპერტები 4-ჯერ მოვიყვანე. ინსტრუმენტებმა აჩვენა, რომ იმ უბნის სიმაღლე, საიდანაც წყალი უნდა მოედინებოდეს, წყაროზე დაბალია. მშენებლობაში არავინაა დამნაშავე. თავისი სამუშაო ყველამ პროექტის მიხედვით შეასრულა. პროექტის შემდგენელის მიხედვით, ეს იყო ოპტიმალური ხაზი“, – განმარტავს ალბერტ ნახატაკიანი.

alatuman voda
ახალი წყალგაყვანილობა ძველ აზბესტს დაუკავშირეს

დამნაშავე არავინაა, მაგრამ ფული ნამდვილად გადაიყარა. მუნიციპალიტეტმა ახალი პროექტი 2019 წელს შეუკვეთა და 750 ლარი გამოყო. ამჯერად წყალმომარაგების ხაზი ბორცვების გვერდის ავლით უნდა აშენებულიყო. ახალ წყალსადენზე შპს „არო“ 85 005 ლარით მუშაოაბდა –  წყალი მხოლოდ ერთი თვე მიედინებოდა და მერე ისევ შეწყდა.

ალათუმანის წყალსადენის მშენებლობაზე დახარჯული ჯამური თანხა 290 755 ლარია. იმისთვის, რომ წყალი მოსახლეობამდე მისულიყო, იძულებულნი გახდნენ, ახალი აუზები და ხაზი ძველ აზბესტის ხაზთან დაეკავშირებინათ. დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე წყალი ისევ აზბესტის მილებით მიედინება.

ალათუმანში მცხოვრებნი მიიჩნევენ, რომ სოფელში ხშირი ნაწლავური დაავადებების მიზეზი აზბესტის მილებია. არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც ამას დაადასტურებს, რადგან ბევრი ავადმყოფი სახლში მკურნალობს.

ნორაირ ჩახოიანის შვილიშვილები ახლახანს გაწერეს საავადმყოფოდან – მოიწამლნენ, რის მიზეზადაც სასმელ წყალს ასახელებენ.

„შვილიშვილის მკურნალობაზე 2 000 ლარი დავხარჯე. სასმელ წყალში ვირთხები მოძრაობენ და არც ქლორირებულია, აუზი ცუდ მდგომარეობაშია. ახალი ხაზი გაკეთდა, მაგრამ დაახლოებით 300 მეტრზე წყალი ისევ აზბესტის მილებით მოედინება” – ჰყვება ჩახოიან ნორაირი, რომელსაც ოთხი შვილიშვილი ჰყავს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობა ერთი წელია დაიკავა, ამ პრობლემას კარგად იცნობს და აცხადებს, რომ სოფელ ალათუმანში წყალმომარაგების საკითხს განიხილავენ.

„აზბესტს შევცვლით და ხაზიც არ დაიხურება, სარწყავად გამოიყენებენ. ტბა ამ ხაზით მომარაგდება და მას სარწყავად და პირუტყვისთვის გამოიყენებენ. ორი წყალგაყვანილობა იმუშავებს. მომავალ წელს, გაზაფხულზე, ალათუმანის წყალმომარაგებით დავკავდებით.  წინასწარი გეგმებიც გვაქვს“, – განმარტა მელქონ მაკარიანმა.

სოფელი კუმურდო, 2019 წელს აშენდა ხაზი პირუტყვისთვის გაიხსნა, თუმცა წყლით არ ივსებოდა

გარიკ ზარმარიანის გარდა, რომელმაც სოფელ ალათუმანში წყალმომარაგების სისტემა ააშენა, მერიას კომპანია “Gold 777”-მაც უჩივლა. სოფელ კუმურდოში პირუტყვისთვის ხაზი გაიყვანეს, მაგრამ წყალი არ მოედინებოდა. როგორც Jnews-ს მერიაში ჯერ კიდევ 2019 წელს განუმარტეს, აღმოჩნდა, რომ პროექტის შემდგენელმა მილის დიამეტრი არასწორად აირჩია და დონეები არ დათვალა. მერიამ კი კომპანიას გაწეული სამუშაოსთვის 6 762 ლარი გადაუხადა.

კითხვაზე, თუ რატომ მიიღო მერიის კომისიამ პროექტი, გვიპასუხეს, რომ იგი დამოუკიდებელმა ექსპერტებმა განიხილეს. დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის წარმომადგენელმა თორნიკე ახვლედიანმა Jnews-ს აცნობა, რომ სოფელ ალათუმანსა და კუმურდოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ.

„ის სამუშაო მივიღეთ, რომელიც პროექტით ჩატარდა. წყალი სიმაღლის გამო არ მოედინებოდა. ყოველივე ალბათ მაპროექტებლის ბრალი იყო. მშენებელმა თავისი საქმე პირნათლად გააკეთა. სამუშაოებს მერია იბარებს, ჩვენ უბრალოდ დავადასტურეთ, რომ სამუშაოები პროექტის მიხედვით ჩატარდა“, – განმარტა თორნიკე ახვლედიანმა.

სოფელ ალათუმანისა და კუმურდოს საპროექტო შეფასებები მაპროექტებელმა გევორგ გალივონჯიანმა შეადგინა. Jnews-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პრობლემა პროექტში არ არის.

„ეს ნიშნავს, რომ სადღაც წყალი იკარგება და ამიტომ აღარ მიედინება, თუმცა ყველაფერი სწორად შევადგინე. სავარაუდოა, რომ სადღაც წყლის წნევა ეცემა. მსგავსი მდგომარეობაა კუმბურდოში. მილების დიამეტრი პრობლემა არ არის. საჩივარი სასამართლოში არავის შეუტანია“, – განაცხადა გევორგ გალივონჯიანმა.

სასამართლომდე მხოლოდ რამდენიმე საქმე მივიდა, მაგრამ მუნიციპალიტეტში წარუმატებლად დასრულებული პროექტების რიცხვი მეტია.

ახალი წყალმომარაგების ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით სოფელ ვარევანსა და სულდაშიც მსგავსი ვითარებაა.

სოფელ ვარევანში 160 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში წყალგაყვანილობა 2010 წელს აშენდა და 180 000 ლარი დაიხარჯა, მაგრამ სოფელს წყალი არ მიეწოდებოდა. 2019 წელს 12,5 კმ სიგრძის წყალსადენისთვის 400 000 ლარი გამოიყო – კვლავ უშედეგოდ. 2020 წელს ახალი წყალმომარაგების ხაზის მშენებლობაზე 688 250 ლარი დაიხარჯა – 500 000 ლარი რეგიონული განვითარების ფონდმა გამოყო, 188 250 ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტმა. პროექტი შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“-მა 654 321 ლარით დააორგანიზა. შედეგად, მხოლოდ ვარევანის წყალმომარაგებაზე 1 268 250 ლარი დაიხარჯა.


ვარევანში წყალი მესამე მცდელობის შემდეგ მიედინება

სოფელ სულდაში 185 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში წყალი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფიდან შემოიტანეს, რისთვისაც მაღალი სიმძლავრის წყლის ტუმბო დაამონტაჟეს. 2015 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სოფელ სულდაში ახალი წყალმომარაგების ხაზის მშენებლობისთვის 26 190 ლარი გამოყო. ტენდერში მეწარმე ცოლაკ ვარდიკიანმა გაიმარჯვა. მაგრამ სოფელში წყლის პრობლემა არ მოგვარებულა. 2021 წელს 1 188 588 ლარი გამოიყო, სამუშაოები ჩატარდა – სოფელში ჩასული წყალი კვლავ არასტაბილური და უვარგისი გამოდგა. 2022 წელს სამუშაოებზე 1 291 195 ლარი დაიხარჯა, თუმცა ჯერ არაფერი შეცვლილა. ტენდერში  „ემ სი გრუპმა“ გაიმარჯვა – ჯამური თანხა 2 505 973 ლარს შეადგენს.


სულდის მოსახლეობას სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვს

2019 წელს ახალქალაქის პირუტყვის ბაზარი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სტანდარტების დაუცველობის გამო დახურა. ახალქალაქში მეცხოველეობის ბაზრისთვის სულ 60 529 ლარი დაიხარჯა და ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა სამუშაოს სურსათის ეროვნული სააგენტო. სტანდარტების დასაკმაყოფილებლად სამუშაოები ზედიზედ სამჯერ ჩატარდა.


როდის გაიხსნება პირუტყვის ბაზარი, უცნობია

სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღისთვის 118 236 ლარი დაიხარჯა. მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, მაგრამ საბავშვო ბაღი 2021 წელს გაიხსნა – ჯამში 7 წელი აშენებდნენ. დაფინანსების მიუხედავად, საბავშვო ბაღი მაინც არ გაიხსნა, რადგან აღმოჩნდა, რომ სანტექნიკა არ ფუნქციონირებდა, წყალი არ მიედინებოდა. შენობას არც დენი, არც კიბის მოაჯირები და არც საწყობი არ ჰქონდა. რემონტისას ძველი, გაფუჭებული ელექტრო ჩამრთველები და სოკეტებიც კი არ შეცვლილა. ამასობაში ოთახების რემონტი დაზიანდა, კედლებზე ნესტმა ობი გააჩინა. შენობა სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებას საერთოდ არ შეესაბამება.


ზედიზედ 7 წელია დასრულებულ შენობაში საბავშვო ბაღის გახსნას გეგმავენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების მუშაობა შეისწავლა და ხარვეზები გამოავლინა. სამსახურის ანგარიშში სოფელ ალათუმანში წყალსადენის მშენებლობაც არის მოხსენიებული.

კითხვაზე, თუ რატომ არის ამდენი წარუმატებელი პროექტი ახალქალაქში, მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა გვიპასუხა, რომ ის წარსულზე ვერ ისაუბრებს და იგი მომავალზეა პასუხისმგებელი:

„მუშაობისას ნაბიჯებს ვაკონტროლებთ: თუ დავინახავთ, რომ პრობლემა პროექტის შემდგენშია, ვურეკავთ და ვაფრთხილებთ. ყველა სამუშაოს ვადევნებთ თვალს, მით უმეტეს თუ დიდი თანხები იხარჯება“, – აცხადებს ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების მუშაობის ანგარიშში ის რეკომენდაციებია მოცემული, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის ეფექტურობის გაზრდისკენ არის მიმართული. საუბარია კონტროლის მექანიზმის შემუშავებაზე, რომელიც მერიამ თითოეულ პროექტზე, მიმდინარე სამუშაოების მუდმივ მონიტორინგზე უნდა გამოიყენოს. აუდიტის სამსახური გვირჩევს სამუშაოები დასრულებამდეც შემოწმდეს. რეკომენდაციებში კომპანიების თანამშრომლების, ფიზიკური პირებისა და საზედამხედველო ორგანოების კომპეტენციაზე არაფერია ნათქვამი.